ნიკა მელია: ივანიშვილის გეგმა ჩავარდა

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადება ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილად შეაფასა. მელიას თქმით, ივანიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლა ჯერ  საკუთარი თანაგუნდელების ხელით სცადა, ახლა კი ამის გაკეთებას ენმ-ის წევრების მეშვეობით ცდილობდა. მელიამ გიგი უგულავას დღევანდელი სიტყვით გამოსვლაც შეაფასა:

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ  [უგულავა] ესაუბრებოდა ივანიშვილს, მადლობა გადაუხადა, რომ დღეს არის გარეთ, არადა, მე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად 2012 წლიდან არ ჩავრთულვარ მეგობრობით, ახლობლობით, იდეის გარშემო ვართ გაერთიანებულნი და მან უღალატა ამ იდეას” – თქვა მელიამ.

მელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება. ის არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერ დაამარცხებს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ძალიან მიჭირს მე ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ არის, უბრალოდ, პოლიტიკური გაერთიანება და პარტია, ამიტომ მე თავს შევიკავებდი ბევრი რამისგან. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ხელის გულზე დევს და საზოგადოება ხედავს და აქვს ანალიზის უნარი. მე დარწმუნებული ვარ, ამ საზოგადოებამ დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ნაციონალური მოძრაობიდან წასულა ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსთა ჯგუფი, წასულა მათ შორის მათზე უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, ვიდრე დღეს წავიდნენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერებულა. დღეს დამთავრდა ნაციონალურ მოძრაობაში კარჩაკეტილობა, დამთავრდა ქედმაღლობა, დამთავრდა ნეპოტიზმი, დამთავრდა უგულებელყოფა საკუთარი ამომრჩევლებისა და 20 იანვრიდან იწყება განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი გზა” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.