ახალი ამბები

რას გეგმავენ ენმ-ის ყოფილი ლიდერები პარტიის გაყოფის შემდეგ

12 იანვარი, 2017 • 3168
რას გეგმავენ ენმ-ის  ყოფილი ლიდერები პარტიის გაყოფის შემდეგ

2017 წლის 12 იანვრის პრესკონფერენციაზე დადასტურდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ) გაიყო, თუმცა ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა ფორმით და რა სახელწოდებით გააგრძელებენ ახალი გუნდის წევრები პოლიტიკურ საქმიანობას.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას დავით დარჩიაშვილი ადასტურებს, რომ სახელწოდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს რჩებათ. თუმცა გიგა ბოკერია ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ ახალ გუნდში არიან ადამიანები, ვინც თვლის, რომ  სწორედ ეს გუნდი აგრძელებს “იმ საქმეს და იმ პრინციპს, რასაც დაეყრდნო და დაფუძნდა ნაციონალური მოძრაობა”:

“ძალიან მწვავე დისკუსია იყო, … უნდა გავაგრძელოთ თუ არა ეს დავა. მაგრამ როგორც სერგო რატიანმა თქვა, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს დავა აღარ გაგრძელდეს არა იმიტომ, რომ სწორად მოიქცა მეორე მხარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დავა დააზიანებდა იმ მთავარ საქმეს, რაც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად”, – უთხრა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გიგა ბოკერია. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დავით დარჩიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პირველ ეტაპზე ახალი გუნდი, სავარაუდოდ, გამოიყენებს პარტია “ევროპული საქართველოს” პლატფორმას, რომელიც 2016 წლის საპარლენტო არჩევნებში ენმ-სთან ერთან ბლოკის სახით იღებდა მონაწილეობას და საბიუჯეტო დაფინანსებაც მოიპოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის ახალ გუნდში.

საკითხი ჯერაც რომ გადაუწყვეტელია, ამას თენგიზ გუნავაც გვიდასტურებს. გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვებს ამ საკითხის შესახებ თავი აარიდა და თქვა, რომ რამდენიმე დღეში ისაუბრებენ ტექნიკური დეტალების შესახებ. იგივე უთხრა “ნეტგაზეთს” სერგი კაპანაძემაც.

ჟურნალისტებთან საუბრისას ახალი გუნდის კიდევ ერთი წევრი, გიორგი ტუღუში ამბობს, რომ, მართალია, “ევროპული საქართველო” ენმ-სთან შედიოდა ბლოკში და მისი გამოყენება შეიძლება, თუმცა არ არის გამორიცხული ახალი პარტიის შექმნაც.

არც გიგი უგულავა აზუსტებს, ისინი ახალ პარტიას გააკეთებენ, თუ “ევროპულ საქართველოს” პლატფორმას გამოიყენებენ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ყრილობამ უნდა აირჩიოს და თვითონ ამ პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

რა ბედი ეწევა საპარლამენტო ფრაქციებს?

პარლამენტში ენმ-ის  პარტიული სიით 27 დეპუტატია შესული. მათ შორის ნაწილი ენმ-ის წევრია, ნაწილი — უპარტიო. პარლამენტში ენმ-ის სიით შესული 27 დეპუტატიდან 21, პირობითად, “ბოკერია-უგულავას გუნდშია”. 5 დეპუტატი მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდშია ენმ-ის ერთი დეპუტატი, აზერ სულეიმანოვი.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ის ადამიანები, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებენ, მათთან ერთად არ იქნებიან ფრაქციაში. ფრაქციებში მოსალოდნელ გადანაცვლებაზე საუბრობს გოკა გაბაშვილიც, თუმცა არც ერთი მათგანი ზუსტ დეტალებზე არ საუბრობს.

დავით დარჩიაშვილი და სერგი კაპანაძე კი “ნეტგაზეთს” ეუბნებიან, რომ ამ მოცემულობით მინიმუმ ორი ფრაქცია ექნებათ პარლამენტში.

ვინ შეიძლება ახალი ძალის მოკავშირეები იყვნენ?

“ახალი გუნდის” წევრები ამბობენ, რომ ისინი ყველა პროდასავლურ ძალას აღიქვამენ მოკავშირედ. გიგა ბოკერია ამბობს, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ “ყოფილი თანაგუნდელებიც”, ხოლო გოკა გაბაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ისინი “პრორუსული, აგრესიული, ქსენოფობიური ძალების გარდა ყველასთან” ითანამშრომლებენ.

სერგო რატიანი ენმ-ის ოფისთან. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

სერგო რატიანი ენმ-ის ოფისთან პრესკონფერენციაზე. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“აქტიურად ვიმუშავებთ მოსახლეობასთან, ვაპირებთ, ყველგან ჩავიდეთ და ხალხს ავუხსნათ, რას ვაპირებთ. ჩვენი მიზანი იქნება, მკაფიოდ და ნათლად დაინახონ, რომ ჩვენ ვართ ივანიშვილის ხელისუფლების დემოკრატიული ალტერნატივა. ამისთვის მოგვიწევს ბევრი რაღაცის თავიდან გაკეთება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ პარტიას ჩაუდგებიან სათავეში, საკმაოდ გამოცდილნი არიან და კარგად იციან, რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობას მომავლის რწმენა გავუჩინოთ”, – ამბობს გოკა გაბაშვილი.

პრესკონფერენციისა და ჟურნალისტებთან ინტერვიუების შემდეგ ახალი გუნდის წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისი დატოვეს. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პრესკონფერენციისა და ჟურნალისტებთან ინტერვიუების შემდეგ ახალი გუნდის წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისი დატოვეს. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი