ახალი ამბები

ხმაური ქუთაისის საკრებულოში და ივანიშვილის საქმის მოსამართლის ქმარი

8 ოქტომბერი, 2012 • 1229
ხმაური ქუთაისის საკრებულოში და ივანიშვილის საქმის მოსამართლის ქმარი

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური” უმრავლესობის გადაწყვეტილება, ნაჩქარევად დაემტკიცებინათ ახალი მერი, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მამუკა მღვდელაძემ გააპროტესტა. Newpress.ge-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ მიმართავს გიორგი უკლება მღვდელაძეს:  

 

“მოგიკვდა პარტია და ეტენები “ოცნებას”, შე ჩემისა”.

 

ასეთი მიმართვის შემდეგ მღვდელაძე უკლებას უწოდებს “დეგენერატს” და “უზრდელს”, რის საპასუხოდაც უკლება ცდილობს ოპონენტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, თუმცა ამის საშუალებას მას თანაპარტიელები აღარ აძლევენ.

 

უკლებამ თავისი საქციელი მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში ასე ახსნა: “ეს იყო პროვოკაციის მცდელობა მღვდელაძის მხრიდან, რასაც მოჰყვა ადეკვატური პასუხი.”

 

გიორგი უკლება ქუთაისის საკრებულოს წევრობამდე საქართველოს პარლემენტის (2004-08) წევრი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ამასთანავე,  არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნათია ქუთათელაძის მეუღლე. სწორედ ამ მოსამართლემ განიხილა 2012 წლის 14 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი მისი 21 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ჯარიმა ივანიშვილს მას შემდეგ დაეკისრა, რაც მის მიერ პირადი ანგარიშიდან მოხსნილი თანხის მიზნობრიობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეჭვქვეშ დააყენა.

 

ნათია ქუთათელაძის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი მეუღლე – გიორგი უკლება არის შპს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რისთვისაც ის წლიურად 28 855 ლარს გამოიმუშავებს ანაზღაურების სახით.

 

ქუთაისის საკრებულომ დღევანდელი სხდომის შედეგად ქალაქის მერად ამავე საკრებულოს წევრი ბესიკ ბრეგაძე აირჩია. ახალი მერის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

 

ბესიკ ბრეგაძე 2005 წელს ქუთაისის ვიცე-მერი იყო რამდენიმე თვით, ამის შემდეგ მან ბიზნესში გადაინაცვლა და დღემდე რამდენიმე კომპანიას ფლობს. 2010 წელს ის ქუთაისის საკრებულოს წევრად იქნა არჩეული, რის შემდეგ ქუთაისის აეროპორტის დირექტორად დანიშნეს, თუმცა მას შემდეგ, რაც აეროპორტი გაიხსნა, მას სახელწოდებაც შეეცვალა და ხელმძღვანელიც.

 

ბესიკ ბრეგაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიმდინარე წლის ივლისში 10 ათასი ლარი გადაურიცხა. მისი კომპანია იყო ასევე “ნაციონალების” შემწირველი წინა არჩევნების დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი