სოზარ სუბარი, რომელიც დღეს, 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ამჟამინდელი მინისტრის, გიორგი ტუღუშის ინიციატივას, შეიქმნას ციხეებში მონიტორინგის ჯგუფი, დადებითად აფასებს.
“არანაირად არ გავაუქმებ ამ დებულებას. მე ერთ- ერთი პირველი ვიყავი, ვისი ინიციატივაც იყო მეტი გამჭვირვალობა სისტემაში.ზოგადად, ვაპირებ, რომ სისტემა იყოს გაცილებით ღია, ვიდრე ის არის და მონიტორინგის უფლება ჰქონდეთ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი გამჭვირვალობა იყოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. არ ვიცი, შეიძლება ისედაც არის ჩადებული ამ დებულებაში მათი ჩართვა. ჯერ დეტალებს არ ვიცნობ. არ ვიცი, რა უფლებები ექნება ჯგუფს, ვინ იქნებიან მასში და ა.შ. ამიტომ კონკრეტიკაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს,” -ამბობს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისაგან შექმნილ 50–კაციან ჯგუფს საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 საათის მანძილზე მონიტორნგის უფლებას მიანიჭებს.
დღესვე ტუღუშმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა მისი ეს დებულება გააუქმოს.