ახალი ამბებისამართალი

ანა ნაცვლიშვილი: პრემიერის განცხადების ფოკუსი ბავშვთა პროსტიტუცია არ იყო

11 იანვარი, 2017 • 3238
ანა ნაცვლიშვილი: პრემიერის განცხადების ფოკუსი  ბავშვთა პროსტიტუცია არ იყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრის განცხადების ფოკუსი არა ბავშვთა პროსტიტუცია, არამედ დომინირებული ჯგუფის დისკრიმინაცია იყო. ‘

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე შესაძლო ფაქტის შესახებ გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია.

“არასრულწოვანთა პროსტიტუცია საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია და ძალიან მნივნელოვანია, რომ სასწრაფოდ მოხდეს შესწავლა, გამოძიება და თუ ეს განცხადება დადასტურდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.  ამ საკითხის მთავრობის სხდომაზე წინასწარ დაანონსებამ გამოძიებას შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.  ბავშვთა პროსტიტუცია ქვესაკითხის ფორმით შემოვიდა პრემიერის განცხადებაში. მან მთავარი აქცენტი ქართველი კაცების დისკრიმინაციის თემაზე გააკეთა კონკრეტულ დაწესებულებებში შესვლასთან დაკავშირებით.”

ანა ნაცვლიშვილი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს,  რომ ეს პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებაა დისკრიმინაციის თემაზე.

“მას დისკრიმინაციაზე აქამდე არასოდეს უსაუბრია, მე ასეთი განცხადება არ მახსოვს. ის დისკრიმინაციის თემას ხსნის იმ ჯგუფზე საუბრით, რომელიც, ზოგადად, არ მიეკუთვნება დისკრიმინირებულ და მოწყვლად ჯგუფს საქართველოში. პირიქით, უფლებრივად საკმაოდ ძლიერი და პრივილიგირებულია.  საქართველოში არაერთი ჯგუფია, რომელიც დისკრიმინაციას ყოველდღიურად განიცდის, ამ დისკრიმინაციის ადგილი ერთი-ორი კაფე კი არ არის, სადაც ადამიანს არ უშვებენ, არამედ ასეთი დისკრიმინაცია სხვადასხვა ჯგუფებთან ხდება ყოველდღე, ხდება სახლში, სამსახურში, ქუჩაში და ა.შ. ”

პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაურია, ძალიან მაღალი თანამდებობის პირია და მნიშვნელოვანია, რომ მისი განცხადებების აქცენტები სწორი პრიორიტეტების მიხედვით იყოს დალაგებული, მიაჩნია ნაცვლიშვილს.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თავისი სიმძიმით მთავრობის სხდომაზე გაჟღერებას იმსახურებს, მაგრამ უფრო სიღრმისეულ კონტექსტში და არა ფრაგმენტულად:

” ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მთავრობის სხდომა გახდეს ის ფორმატი, სადაც ქვესაკითხებად კი არ განიხილავენ ბავშვთა თემებს, არამედ სიღრმისეულ, კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული დისკუსია გაიმართება მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით იმ მწვავე პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ბავშვებს აქვთ. ეს არის ახალშობილთა სიკვდილიანობა არასაკმარისი კვების გამო, დედათა და ბავშვთა შიმშილის პრობლემა, ბავშვთა სიღარიბის პრობლემა, არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემა და სხვა ბევრი მწვავე პრობლემა, რომელიც საქართველოში ბავშვებს აქვთ. მთავრობის სხდომა უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც ამ თემებზე პრიორიტეტულად მსჯელობენ, გადაწყვეტილებებს იღებენ და ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას გეგმავენ.”

ნაცვლიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ  ასეთ კონტექსტში გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა გამოძიების ინტერესებს საფრთხე შეუქმნას:

“თეორიულად, თუ სადღაც ბავშვთა პროსტიტუცია ხდება, პრემიერ-მინისტრის განცხადების გაკეთებიდან პოლიციის ადგილზე მისვლამდე შესაძლოა იქ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს. პრობლემა მნიშვნელოვანია, მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ასე საუბარი შეიძლება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდეს. ეს ყველაფერი უფრო სერიოზული და დამაჯერებელი უნდა იყოს, ვიდრე ასე ფრაგმენტული რეაგირებები. პრემიერ-მინისტრის განცხადების ფოკუსი ბავშვთა პროსტიტუცია არ იყო, მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა, ფოკუსი იყო დისკრიმინაცია,” –  აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

დღეს, 11 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ – მინისტრმა  შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, დაინტერესდნენ  თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე კაფეებში არსებული ვითარებით. გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ამ კაფეებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციაა და სწორედ ამიტომ იქ არ უშვებენ “ადგილობრივ”, ქართველ მამაკაცებს.

ამ საკითხის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 11 იანვარს, ჯერ მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა. 

“რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე კაფეები თუ დაწესებულებები, სადაც, სამწუხაროდ, ხდება კანონდარღვევები, მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს ამ პრობლემით.  საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა.  როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და, სამწუხაროდ, უშვებენ მანდილოსნებს მხოლოდ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ ის კაფეებში არასრუწლოვანთა პროსტიტუციაში ჩაბმაზე საუბრობდა და მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, თუმცა მთავრობის სხდომაზე მას პროსტიტუციის პრობლემა არ უხსენებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი