ახალი ამბებისაზოგადოება

კვირიკაშვილი : არასწრულწლოვანთა პროსტიტუციაა და ამიტომ არ უშვებენ კლუბებში ქართველ მამაკაცებს

11 იანვარი, 2017 • 2275
კვირიკაშვილი : არასწრულწლოვანთა პროსტიტუციაა და ამიტომ არ უშვებენ  კლუბებში ქართველ მამაკაცებს

პრემიერ – მინისტრმა  შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, დაინტერესდნენ  თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე კაფეებში არსებული ვითარებით. გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ამ კაფეებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციაა და სწორედ ამიტომ იქ არ უშვებენ “ადგილობრივ”, ქართველ მამაკაცებს. 

ამ საკითხთხის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 11 იანვარს, ჯერ მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა. 

“რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე კაფეები თუ დაწესებულებები, სადაც, სამწუხაროდ, ხდება კანონდარღვევები, მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს ამ პრობლემით.  საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა.  როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და, სამწუხაროდ, უშვებენ მანდილოსნებს მხოლოდ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში  ანტიდისკრიმინაციული კანონიც ახსენა და სახელმწიფო უწყებებს  მიმართა:

“სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული”. 

მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებებიც გააკეთა, რადაგანაც, როგორც თვითონ ამბობს, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მან უკვე არასწრულწლოვანთა პროსტიტუციაზეც ისაუბრა: 

“რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომლებიც ძირითადად არის კონცენტრირებული რესპუბლიკის მოედნის ქვეშ.   მე ვახსენე,  რომ ადგილობრივ, ქართველი ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და მოახდინეს ინტერპრეტირება,  თითქოს  იმაზე ვზრუნავ,  რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, ვინც ასე გაიგო.  მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა:  ჩემთვის სამწუხაროდ, ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს, რაც იქ ხდება.   სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველი მამაკაცების ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე ამ საკითხის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა: 

“მთავარი წუხილი არის ჩემი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მათთვის, ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი,  რომ პრობლემა იმ კუთხით,  რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში და ეს არის დიდი პრობლემა. მეტიც,  ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის, ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი,  რომ გადაწყდეს, რაც შეილება მალე”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი