ახალი ამბები

სამადაშვილი: საქმიანობას გავაგრძელებ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციაში

11 იანვარი, 2017 • 12533
სამადაშვილი: საქმიანობას გავაგრძელებ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციაში

პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ. სამადაშვილი ამბობს, რომ  რადგანაც  წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული აქვს ენმ-ის პარტიული სიით,  სწორად მიაჩნია საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში.

ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი პოსტი სალომე სამადაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ენმ-ის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ჯგუფშია. თუმცა დეპუტატმა “ნეტგაზეთის” დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილთან და რომან გოცირიძესთან ერთად ოპერის თეატრში. ფოტო: სალომე სამადაშვილის ფეისბუკის გვერდი

სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილთან და რომან გოცირიძესთან ერთად ოპერის თეატრში. ფოტო: სალომე სამადაშვილის ფეისბუკის გვერდი

“მიმაჩნდა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, განუხორციელებელი აღმოჩნდა. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია საუბარი  ყოველგვარი შეთქმულების თეორიებზე, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ჩემს პირად გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში”, – წერს სამადაშვილი.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან:

“ ამ შიდა პარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის”, – წერს სამადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი