ახალი ამბები

ენმ-ის ფრაქცია ნიკა მელიას გადაყენებაზე დღეს აღარ იმსჯელებს

9 იანვარი, 2017 • 3641
ენმ-ის ფრაქცია ნიკა მელიას გადაყენებაზე დღეს აღარ იმსჯელებს

პარლამენტში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომა, რომელზეც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, აღარ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. განცხადების მიხედვით ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც პატიმრობიდან ორიოდე დღის წინ გაათავისუფლეს, ფრაქციის წევრებს კონსულტაციისთვის სამი დღე სთხოვა.

” გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს”,- აცხადებს  გიგი უგულავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა გუშინ, 8 იანვარს განაცხადა, რომ პარტიაში პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდთან დაპირისპირებული ჯგუფი  საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავს. შემდგომში ეს ინფორმაცია დაადასტურა ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრმა  ირმა ნადირაშვილმაც.

ნიკა მელიას გადაყენება ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ენმ-ში შიდა განხეთქილების გაგრძელებაა – მისი გადაყენება ე.წ. ბოკერია-ბაქრაძე-რატიანის  ჯგუფს სურს.

ნიკა მელიამ, რომლის პოზიციები ენმ-ის შიდა დაპირისპირებაში მანამდე ნათელი არ იყო,   5 იანვარს ბრიფინგი გამართა და  სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი გააკრიტიკა.

მელიამ, მისივე დეფინიციით, პარტიის შიგნით მოწინააღმდეგე მცირე ჯგუფი ენმ-ის ყრილობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული საკითხების გამო გააკრიტიკა:

“[ცდილობენ ] წარმოაჩინონ ყრილობა ისე, თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიის ეს მცირე ჯგუფი რეალურად აცდენილია იმ განწყობებს, რომელიც არის აბსოლუტურ უმრავლესობაში პარტიის მხარდამჭერების”.

ყრილობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით პროცედურული დავა აქვთ ბაქრაძე-ბოკერია-რატიანი-უგულავას ჯგუფს.

საპარლამენტო ფრაქციის წესდების მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან,  თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი, ანუ 7 დეპუტატი [რადგანაც ამჟამად ფრაქციაში 20 წევრი ირიცხება]. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში და იგი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი