ახალი ამბები

ენმ-ში დაპირისპირების საგნების ჩამონათვალს კიდევ ერთი საკითხი დაემატა

27 დეკემბერი, 2016 • 5156
ენმ-ში დაპირისპირების საგნების ჩამონათვალს კიდევ ერთი საკითხი დაემატა

იმ თემების ჩამონათვალს, რომლის გამოც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ერთმანეთს უპირსპირდებიან და ორ ბანაკად იყოფიან, კიდევ ერთი დაემატა – ყრილობის საორგნაიზაციო საკითხი.

30 ნოემბრის  პოლიტსაბჭოს სხდომაზე, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყრილობა, რომელმაც ენმ-ის ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიოს, მინიმუმ 7000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობასა და დაპირისპირებას იწვევს ის, თუ როგორ განხორციელდება შეკრების ორგანიზება.

30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესში მოცემულია სპცეციალური მე-5 თავი, სადაც ვკითხულობთ, რომ “ყრილობის მოწვევის და ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს წარმართვს ყრილობის საორგანიზაციო კომისია”. თუმცა ამ შემთხვევაში პარტიის ორ ბანაკად გაყოფილ ლიდერებს შორის სადავოდაა ქცეული ის გარემოება, თუ როგორ იქმნება ეს კომისია.

სქრინშოტი 30 ნოემბერს დამტკიცებული დოკუმენტიდან

სქრინშოტი 30 ნოემბერს დამტკიცებული დოკუმენტიდან

“საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო. საორგანიზაციო კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს პოლიტსაბჭოს 5 წევრს. პოლიტსაბჭოს ერთ წევრს უფლება აქვს, მხოლოდ ერთ წარდგინებაზე მოაწეროს ხელი”, – ვკითხულობთ 30 ნოემბერს პარტიის მიერ დამტკიცებულ ყრილობის ჩატარების წესში.

ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან აფილირებულმა 30-მა წევრმა უკვე დაასახელა საორგანიზაციო კომისიის 6 წევრი (ყოველმა 5-მა წევრმა 1): ეკა ხერხეულიძე, დავით კირკიტაძე, ნინო კალანდაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი და ნუგზარ წიკლაური. მეორე მხარეს (ბაქრაძე, ბოკერია, ხოშტარია, რატიანი და სხვები) ჯერ საორგანიზაციო კომისიის წევრები არ წარუდგენიათ, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან აფილირებული გუნდის პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც აზერ სულეიმანომა პარტია და, შესაბამისად, პოლიტსაბჭოც დატოვა, პოლიტიკური საბჭოს ისეთი წევრი, ვისაც ჯერ საორგანიზიაციო კომისიაში კანდიდატი არ დაუსახელებია, სულ 29 რჩება, ანუ მათი პოზიციით უკვე დასახელებული 6 წევრი საორგანიზაციო კომისიაში ნებისმიერ შემთხვევაში უმრავლესობაში იქნება, რადგან 29 წევრი კომისიაში 6 წარმომადგენელს ვერ წარადგენს.

ეკა ხერხეულიძემ, დავით კირკიტაძემ, ნინო კალანდაძემ, პეტრე ცისკარიშვილმა, ზურაბ მელიქიშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა 24 დეკემბერს წერილობით მიმართეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანს. ისინი პარტიის ლიდერებს ატყობინებენ, რომ მათ თავიანთი უფლებამოისლების განხორციელება უკვე დაიწყეს და ითხოვენ სამუშაო პირობების შექმნას საორგანიზაციო კომისიისათვის, ასევე, ტექნიკურ-ორგანიზაციულ მხარდაჭერას.

15730971_10154029352780718_1657786717_n

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებიც ამ დაპირისპირებაში სააკაშვილთან არ არიან აფილირებული, თვლიან, რომ საორგანიზაციო კომისიას ლეგიტიმაცია პოლიტსაბჭოსაგან ესაჭიროება. ამის შესახებ ნათქვამია ენმ-ის ამ წევრების მიერ შემუშავებულ წერილში.

მათი აზრით, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო”,  სწორედ იმას ნიშნავს, რომ კომისიის შემადგენლობა პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე მხარეებს შორის არსებობს იურიდიული სახის დებატი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩიორა თაქთაქიშვილი, მოწინააღმდეგე ბანაკიდან, მიიჩნევს, რომ საორგანიზაციო კომისიის პოლიტსაბჭოს წევრების მიერ დასახელებულ წარმომადგენლებს დამატებითი დამტკიცება არ სჭირდება:

“წესებში არსად წერია, რომ პოლიტსაბჭომ ცალკე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამაზე. წერია, რომ პოლიტსაბჭო განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას და მერე წერია, თუ რა წესით განსაზღვრავს. რომ ეწეროს, ამტკიცებს ხმათა უმრავლესობით, მაშინ დასჭირდებოდა აუცილებლად”, – ამბობს თაქთაქიშვილი.

ამ საკითხებზე სამსჯელოთა და გადაწყვეტილების მისაღებად დღეს ენმ-ის ბოკერია/ ბაქრაძე/რატიანის ფლანგმა პოლიტსაბჭოს ყრილობა დააანონსა, რომელიც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სააკაშვილის გუნდმა წინასწარვე განაცხადა, რომ ისინი პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ აპირებდნენ.

“ნაჩქარევად სხდომის მოწვევას პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველოში არყოფნის პირობებში მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტსაბჭოს სააკაშვილთან აფილირებული წევრების ნაწილი ავრცელებს.

“ამ სახით და ფორმით დაორგანიზებული ,,ყრილობა“ მხოლოდ შიდაპარტიული ბრძოლის მიზნით გამართული ღონისძიების სახეს მიიღებს. დღევანდელი ბოიკოტით ჩვენმა კოლეგებმა პოლიტსაბჭო არაქმედითად აქციეს – შესაბამისად, 20 იანვრამდე ვეღარ მოხდება პარტიის წესდებით სავალდებულო საკითხების გადაწყვეტა და ამდენად, სამწუხაროდ, მომავალ შეკრებას ეცლება ლეგიტიმურობის საფუძველი”, – ეს უკვე ციტატაა მეორე მხარის (ბაქრაძე, რატიანი, ბოკერია და სხვები) განცხადებიდან.

რადგან სიტყვა ლეგიტიმაციამ და მასთან დაკავშირებულმა შესაძლო პრობლემამ გაიჟღერა, ნეტგაზეთმა ორივე მხარეს ჰკითხა, ხომ არ აპირებენ ამ კონკრეტული იურიდიული, საკითხის სასამართლოში გარკვევას:

“ვერ ვხვდები, ივანიშვილის და ურთმელიძის სასამართლოში დავის გადატანა როგორ შეიძლება შედიოდეს ვინმეს ინტერესში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ფართომასშტაბიანი ყრილობის მოწვევას, როგორც ვიცი, არ გამორიცხავენ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. პროცესი უნდა წარიმართოს პარტიის წესდებისა და უკვე დამტკიცებული წესების სრული დაცვით. ხოლო მათ, ვისაც იმთავითვე არ სურდა 7000- დელეგატიანი ყრილობის ჩატარება, სამწუხაროდ, არჩეული აქვთ პროცესის გაჭიანურების და ამ პროცედურისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის გზა. 20 იანვარს ენმ-ის ყრილობისთვის დაბრკოლებების შექმნა კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია”, – გვითხრა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

“ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ სასამართლოსთვის მიმართვას. თვითონ ეს დამოკიდებულება, რომელიც მეორე ჯგუფს აქვს, სამართლებრივ პრობლემებს ქმნის და შეუძლებელს ხდის ყრილობის ცივილიზებულად ჩატარებას. ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პარტიის გახლეჩვის გარეშე – ეს არის ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე”, – განგვიცხადა გიგა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი