სამინისტროს ცნობით, 2012 წლის 3 ოქტომბერს სასჯელაღსრულების რუსთავის #17 დაწესებულებიდან რამდენიმე მსჯავრდებული გადაიყვანეს რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
“გადაყვანილი პატიმრების, ა.შ.-ს და კ.კ.-ს, საკარანტინე ნაწილიდან საკანში განთავსების შემდგომ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ და საკანში მანამდე მყოფ პატიმრებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ა.შ.-მ და კ.კ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებული პატიმრები აცხადებენ, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს.
მსჯავრდებულებს მაშინვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება (მათ შორის ერთერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა) და ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან დაზარალებული პატიმრების ოჯახის წევრებიც”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინსიტროს მიერ დღეს, 5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებისვე ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაპირისპირება გამოწვეული იყო პატიმრებს შორის არსებული ძველი კონფლიქტით.
სასჯელაღსრულების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიერ ჩადენილ დანაშაულს, რამაც განაპირობა მსგავსი კონტიგენტისა და ურთიერთდაპირისპირების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება.