დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და გიგა ბოკერია იქნებიან იმ ჯგუფში, ვინც კოალიციის ჯგუფის წევრებთან დიალოგს წარმართავენ. ამის შესახებ განცხადება გიგა ბოკერიამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა დღეს, 4 ოქტომბერს გააკეთა.
“საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ყველა პოლიტიკური პროცესი წარიმართოს კონსტიტუციის ფარგლებში, შეფერხების გარეშე, დროულად და მშვიდობიანად. ამ ამოცანის შესასარულებლად საჭიროა დიალოგი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისა და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ამ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, ქალაქის მერი, გიგი უგულავა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი და მე. იმედია, ეს დიალოგი დაიწყება უახლოეს მომავალში,”- განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფში, ვინც უფლებამოსილი იქნება პრეზიდენტთან კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შედიან.
