ახალი ამბები

რატომ შეჩერდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია [Video]

4 ოქტომბერი, 2012 • 1469
რატომ შეჩერდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია [Video]

“აღმაშენებლის ფასადური რეაბილიტაცია შეწყდა, საერთოდ, ფასადური ცვლილებები ქვეყანაში შეწყდა, საფუძვლიან ცვლილებებს ახორციელებს “ქართლი ოცნება”, მათ შორის აღმაშენებელს, მე გპირდებით, რომ გავაკეთებთ საფუძვლიანად, ისე არა, უგულავამ რომ გააკეთა,” – აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეჩერებულა, არადა, აღმაშენებლის გამზირზე ხარაჩოებიც მოიხნსა და მუშებიც აღარ ჩანან:

“ზედა სართულებზე დასრულდა სარესტავრაციო და სამღებრო სამუშაოები, შესაბამისად ჩამოიხსნა ხარაჩოები და მიმდინარეობს შენობათა პირველი სართულების ფასადებზე ბოლო ღონისძიებები, რომელიც დასრულდება მიმდინარე თვეში”, – განაცხადეს მერიაში.

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად თბილისის მერია 2009 წლიდან ახორციელებს, რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2012 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს და მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრიუკენის მოედნამდე ფასადების განახლებას ითვალისწინებს.

ქუჩის ნაწილს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა შენობების ნაწილის როგორც ზედა, ასევე ქვედა სართულები კვლავ ძველი სახით რჩება, შეჩერებულია ტროტუარზე ქვაფენილის დაგებაც.

აღმაშენებელზე მცხოვრებთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მშენებლობა გაგრძელდება და ქუჩის შუა ნაწილი გასარემონტებელი არ დარჩება, ნაწილის აზრით კი, ფასადების რესტავრაცია არასწორად მიდიოდა, ამიტომ რეაბილიტაციის შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.

ჯერ–ჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა აღმაშენებლის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი