ახალი ამბები

ბაქრაძე: ვიქნებით ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ოპოზიცია

3 ოქტომბერი, 2012 •
ბაქრაძე: ვიქნებით ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ოპოზიცია

დავით ბაქრაძე,
დავით ბაქრაძე, ‘ნაცმოძრაობა’

 

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ძალიან მკაცრი, მტკიცე და მომთხოვნი ოპოზიცია:

 

“ქართული ოცნების” მიერ უხვად გაცემულ სოციალურ დაპირებებს სათითაოდ ჩავუჯდებით, ჩვენ გვქონდა დაპირებების კალენდარი და ანალოგიურ კალენდარს გავუკეთებთ მათ და ვიქნებით ძალიან მკაცრი, მტკიცე და მომთხოვნი, როგორც ოპოზიცია”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

ბაქრაძის თქმით, ქართულმა სახელმწიფომ დემოკრატიის გამოცდა ღირსეულად ჩააბარა:

 

“მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს იმ ღირსებისა და ორგანიზებულობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა საპარლამენტო არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლეოსბა მოიპივა “ქართულმა ოცნებამ”, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს”, – განაცხადა ბაქრაძემ. 

მისი თქმით, 8 წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა ვაშენებდით დემოკრატიას და 1 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული დემოკრატია შედგა.

“ჩვენ, უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართელომ გააგრძელოს წინსვლა და არასდროს არ დაბრუნდეს უკან”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი წარადგენს პარლამენტში პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს შეუძლია, წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მთავრობა, რასაც მხარს არ დაუჭერს “ქართული ოცნება”, რის შემდეგაც ექვსი თვის ვადაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რაც გამოიწვევს კრიზისს. სწორედ ამ კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ბაქრაძე ამბობს, პრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა, ითანამშრომლოს “ქართულ ოცნებასთან” ახალი მთავრობის ფორმირების საკითხში. თუმცა გუშინ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა პრეზიდენტს მოუწოდა გადადგომისკენ.

 

“რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის უპატივცემულობა ქართველი ხალხის და კონსტიტუციის”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

მისივე თქმით, ისინი ელოდებიან პრობლემებს ყველა მიმართულებით – როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლაზიკა აღარ აშენდება, ბაქრაძემ უპასუხა, რომ საერთოდ ეჭვი ეპარება, რომ რაიმეს მშენებლობა იქნება ამ ქვეყანაში მანამ, სანამ “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი