“პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა არჩევნების გზით მმართველი პარტიის ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, დავრჩებით პოლიტიკაში, ახლა, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია და დავიცავთ იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რისთვისაც ვიბრძოდით ამ წლების განმავლობაში”,– განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დადგომას გამორიცხავს:
“ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა ივანიშვილი პოლიტიკურ კრიზისში, შესაძლოა, მას ვინმემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა არ სთქვა ნათლად თავის სათქმელი. მაშინ, როცა ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოხდება პარლამენტის დაკომპლექტება. ახალი კონსტიტუცია არ არის ძალაში შესული, როცა ჩვენ მთლიანად საპარლამენტო მმართველობაზე გადავალთ მთავრობის დაკომპლექტების საკითხში, როცა პრეზიდენტის როლი უბრალოდ ფორმალური იქნებოდა, პრეზიდენტი უბრალოდ ფორმალურად წარადგენდა გამარჯვებული ფრაქციის მიერ ნომინირებულ პრემიერს.”
ბოკერია ამბობს, რომ მთავრობა პატივს სცემს ამომრჩევლების ნებას:
“დღეს იმდენად მკაფიო უმრავლესობით მოვიდა ქართული ოცნება პარლამენტში – 55–56 პროცენტი აიღეს, რომ იქნებოდა ამომრჩევლების შეურაცხყოფა, რომ არსებული კონსტიტუციის პროცედურებით, საქართველოს პრეზიდენტს დაეწყო გაწელვა პროცესის. პრეზიდენტს შეეძლო წარედგინა სხვა მთავრობა, რომელსაც მხარს არ დაუჭერდა პარლამენტი. შემდეგ ექვსი თვე ვერ ინიშნება არჩევნები და იქნებიოდა ეს ვითარება, რომ მთავრობა იქნებოდა მოვალობის შემსრულებელი. ეს იქნებოდა იმ მკაფიო ნების უპატივცემულობა, რომელიც გამოხატა საქართველოს ამომრჩეველმა. ამიტომ ითქვა გარკვევით, უნდა მოხდეს შედეგების შეჯამება, ახალი პარლამენტის სხდომის მოწვევა, შემდეგ არის კონსულტაციები ფრაქციებთან, ასე წერია კონსტიტუციაში. აქ იგულისხმება ახალი უმრავლესობის მიერ ინფორმირება პრეზიდენტის, ვინ არის მათი სასურველი პრემიერობის კანდიდატი, შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს ამ კანდიდატს პარლამენტში, შემდეგ ეს კანდიდატი წარადგენს თავის გუნდს და პარლამენტი ამტკიცებს მას.“
გიგა ბოკერია პრეზიდენტის გადაგომის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა:
“აქვე მინდა შევახსენო გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ბატონ ივანიშვილს და ყველას, რომ საპრეზიდენო არჩევნები არის 2013 წელს და იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად და თავისუფლად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები”.
გიგა ბოკერია ასევე აცხადებს, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ კონსტიტუცია, ბევრ კითხვას სვამენ მოდელთან დაკავშირებით:
“ეს გასაგებია, მაგრამ ამ კონსტიტუციით იქნა არჩეული ეს პარლამენტი, სადაც მათ მოიპოვეს გაარჯვება. პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველი გუნდი დაამარცხეს, ამიტომ დაველოდოთ შემდეგ არჩევნებს, სადაც მოხდება გარკვევა ქართველი ხალხის ნება. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.”
რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ შედეგებს, გიგა ბოკერია ამ საკითხის შეფასებას ნაადრევად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალია და სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.