საპარალამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება ეუთოს მოკლე და გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, ევროსაბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე, ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა მედიას დღეს, 2 ოქტომბერს, სასტურმო “ქორთიარდ მარიოტში” გააცნეს. მათი შეფასებით, საქართველომ საპარლამენტო არჩევნებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიული არჩევნებისკენ.
“არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა კამპანიაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით, თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა, ერთი მხრივ, კანდიდატის თანამდებობრივ უპირატესობას და, მეორე მხრივ, პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს”, – განაცხადეს დამკვირვებლებმა.
მათივე შეფასებით, შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში მთლიანობაში დაცული იყო, თუმცა იყო პარტიის აქტივისტების მიმართ ძალადობის ფაქტები, რაც უმეტესად ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავებითა და დაჯარიმებით სრულდებოდა.
საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალი ნდობით გამოირჩეოდა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია – გამჭვირვალობით. მათივე შეფასებით, გამჭვირვალობას ხელი შეუწყო ხშირმა შეხვედრებმა მედიასთან, დამკვირვებლებთან, პარტიებთან, ასევე, პირველადი შედეგების დილიდანვე გამოქვეყნებამ.
საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, წინასაარჩევნო კამპანია უხეშ რიტორიკას და ნაკლოვანებებს შეიცავდა, თუმცა ქართველმა ხალხმა მაინც თავისუფლად შეძლო საკუთარი ნების გამოხატვა.
“ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და მიმართონ თავიანთი ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის”, – აცხადებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.