ახალი ამბები

პუტინი: ასადმა აჯანყებულებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

29 დეკემბერი, 2016 • 2943
პუტინი: ასადმა აჯანყებულებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიის მთავრობამ და აჯანყებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს იწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” და “ინტერფაქსი” ავრცელებენ.

“შევიკრიბეთ იმისათვის, რათა გითხრათ, რომ რამდენიმე საათის წინ მოხდა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით და რისთვისაც ბევრი ვიმუშავეთ. ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს: პირველი დოკუმენტი არის სირიის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ოპოზიციურ ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის არაბეული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მეორე დოკუმენტი შეეხება იმ კონტროლის ზომებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებს. მესამე დოკუმენტი კი ეხება სირიის მთავრობის მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად,” – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ინტერფაქსი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შედეგის მიღწევა რუსეთის, თურქეთისა და ირანის დახმარებით გახდა შესაძლებელი. პუტინის თქმით, შეთანხმებების შესრულების პროცესის გაკონტროლება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან მიღწეული შეთანხმებები არამყარია.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 30 დეკემბერს, ღამით შევა.

სირიის არმიაში 23 დეკემბერს განაცხადეს, რომ ქალაქ ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს. ეს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ყველაზე დიდი წარმატებაა 6-წლიანი ომის განმავლობაში. აჯანყებულებს ქალაქი 4 წელი ჰქონდათ დაკავებული. ქვეყნის დიდ ნაწილს კვლავ ისლამისტური დაჯგუფებები მართავენ. აჯანყებულებს ასადის მთავრობის დამხობა სურდათ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სამთავრობო ჯარებმა პოზიციების დაბრუნება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი