ახალი ამბები

სირიის არმიის ცნობით, ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაიბრუნა

23 დეკემბერი, 2016 • 2711
სირიის არმიის ცნობით, ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაიბრუნა

როიტერის ინფორმაციით, სირიის არმიაში აცხადებენ, რომ ქალაქ ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს. ეს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ყველაზე დიდი წარმატებაა 6-წლიანი ომის განმავლობაში. აჯანყებულებს ქალაქი 4 წელი ჰქონდათ დაკავებული. ქვეყნის დიდ ნაწილს კვლავ ისლამისტური დაჯგუფებები მართავენ.

ალეპო, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო 2-მილიონიანი მოსახლეობით, უკვე წლებია, რაც ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. აჯანყებულებს ასადის რეჟიმის დამხობა სურთ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ახერხებენ, დაიბრუნონ პოზიციები აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც აჯანყებულები დამარცხებისკენ მიჰყავს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასადის ჯარებმა, რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, აჯანყებულები ქალაქის მცირე დასახლებებში მიიმწყვდიეს და  ასადის ხელისუფლებამ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საბოლოოდ აღადგინა კონტროლი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 35 000 აჯანყებული დაიღუპა. როიტერის ცნობით, ომმა ამ დრომდე 300 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეთახმების თანახმად, არმიამ დარჩენილ აჯანყებულებს ქალაქის დატოვების უფლება მისცა. გაეროს ინფორმაციით, ქალაქი სულ მცირე 34 000-მა მეომარმა და მოქალაქემ დატოვა, თუმცა ათასობით ქალაქის მცხოვრები ისევ რჩება თავიანთ სახლებში. მათ მისცემენ ქალაქიდან გასვლის საშუალებას, თუ ისინი ამის სურვილს გამოთქვამენ.

ალეპოდან ხალხის ევაკუაცია სხვადასხვა მიზეზებით ფერხდებოდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის ვიდეოები. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ აჯანყებულების დამარცხებისა და ქალაქის აღების პარალელურად ასადის რეჟიმი მათაც სასტიკად მოეპყრობოდა. გაეროს ინფორმაციით, ასადის მხარდამჭერები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში იჭრებოდნენ და ადგილზე ხოცავდნენ. ეს ყველაფერი გაერომ “კაცობრიობის კრიზისად” შეაფასა. სამთავრობო ძალების მოქმედებას “გენოციდს” უწოდებდნენ ალეპოელები და ამბობენ, რომ ქალაქში დარჩენილი ყველა ადამიანი საფრთხეშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი