ახალი ამბები

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’ მონაცემებით ‘ქართული ოცნება’ ლიდერობს

2 ოქტომბერი, 2012 •
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’ მონაცემებით ‘ქართული ოცნება’ ლიდერობს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შედეგების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადება 5%–იან ცდომილებას იძლევა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საპარლამენტო არჩევნებს 420 ადგილობრივი და 56 საერთაშორისო დამკვირვებლით დააკვირდა.

 

ორგანიზაციის სტაციონალური დამკვირვებლები 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებული და 73–დან 63 ოლქი დაფარეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ე.წ. პრობლემურ უბნებზე გაამახვილეს.

 

საერთო ჯამში, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 47 საჩივარი დაწერეს, ხოლო სერიოზული დარღვევების გამო 5 უბნის, მათ შორის  ხაშურის ოლქის 36-ე  46-ე და მე-19 უბანების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

 

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, დაფიქსირდა როგორც წვრილმანი, ასევე რიგი მნიშვნელოვანი დარღვევები როგორც საარჩევნო, ასევე ხმის დათვლის პროცესში:

 

“ბევრ უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი აპარატი, ან იყო უვარგისი სითხე, დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ვერ მისცეს ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი, რამდენიმე ათეულ შემთხვევაში ამომრჩევლებმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცეს ხმა ან არ იყვნენ უბნის ამომრჩევლები და მისცეს ხმა. რამდენიმე უბანში ამომრჩეველმა უბნის გარეთ გაიტანა ბიულეტენი. არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება საქმე გვქონოდა ე.წ. „სომხურ მარაოსთან”, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული დარღვევაა. ჩვენ მიერ დაფარული უბნების უმრავლესობაში იმაზე ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი იყო შეტანილი, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში მყოფი მოქალაქეთა რაოდენობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ყურადღება გაამახვილა ხაშურის ოლქში მომხდარ დარღვევებზე:

 

“მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა, ხაშურის ოლქში სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეც. დანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. 46-ე და მე-19 უბანზე  სპეც. რაზმმა ყველა დამკვირვებელი გამოაძევა და ზოგ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს გადაკეთებული ოქმები ჩაიბარა. ხაშურის ოლქის 36-ე უბანზე მას შემდეგ, რაც საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენები მაგიდაზე დასათვლელად გადმოყარეს, კომისიის წევრმა გივი მჭედლიძემ  თავისი ბიულეტენები დააყარა ყუთიდან გადმოყრილებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ასევე აღნიშნავს, რომ დამკვირვებლებს პრობლემები ექმნებოდათ საჩივრების დაწერისას და ჩაბარებისას, თუმცა:

 

“ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო კომისიები ძირითადად გამოირჩეოდა სწრაფი რეაგირებით და მაქსიმალურად ეხმარებოდა სადამაკვირვებლო მისიას ფუნქციების განხორციელებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი