ახალი ამბები

თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია – 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელები

28 დეკემბერი, 2016 • 3064
თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია – 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო კაც ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ქალ ფეხბურთელად გულნარა გაბელია დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა.

თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წელს “კრასნოდარში” გადავიდა, სადაც ცხრა თამაში ჩაატარა და რუსეთის ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა. სწორედ ოქრიაშვილი გახდა ამ წელს სენსაციური გოლის ავტორიც, როცა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთი საკუთარ მოედანზე დაამარცხა.

ძალიან გახარებული ვარ და დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ ჯილდოსთვის; თითოეულს, ვინც ხმა მომცა. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ჩემი თავით, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც კარგიც იყო, ცუდიც იყო, მაგრამ დადებითად ვაფასებ [განვლილ სეზონს], რა თქმა უნდა,” – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი, საუკეთესო მსაჯად გიორგი ვადაჭკორია, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად გია ცეცაძე დაასახელა.

ფუტზალის საუკეთესო ფეხბურთელი წელს ზვიად კუპატაძე გახდა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორი ნიკა მაისურაძეა. ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიად ლანა გიორგაძე დასახელდა.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გახდა. 2015-16 სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაიაა, ხოლო გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი -ბუდუ ზივზივაძე. ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატში ბომბარდირი ნინო ჭუჭულაშვილი გახდა.

მიმაჩნია, რომ იყო ძალიან კარგი 2016 წელი ქართული ფეხბურთისთვის. იყო სიახლეც, თუნდაც გარდამავალი ჩემპიონატი, ასევე, დღევანდელი საღამო. მინდა მივულოცო გამარჯვებულებს დამსახურებული ჯილდოები,” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

2015 წელს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავა დაასახელა, ხოლო საუკეთესო ქალ ფეხბურთელად- გულნარა გაბელია, რომელმაც წელსაც დაიმსახურა ეს წოდება. გულნარა გაბელია ყაზახეთის ქალთა ჩემპიონატში თამაშობს, სადაც 2016 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია. ფოტო: GFF

თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია. ფოტო: GFF

მასალების გადაბეჭდვის წესი