ახალი ამბები

მართლმსაჯულების მესამე ტალღაზე კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენის რეჟიმში აბრუნებს

28 დეკემბერი, 2016 • 3916
მართლმსაჯულების მესამე ტალღაზე კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენის რეჟიმში აბრუნებს

სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტი მესამე მოსმენით განხილვის რეჟიმიდან მეორე მოსმენის რეჟიმში დააბრუნებს. შესაბამისი ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე გაახმიანეს.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტს, პრაქტიკულად, ტექსტის გრამატიკაზე მოუწევს მუშაობა და არა შინაარსზე, თუ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენის რეჟიმში არ წარიმართება:

“მოგვეცეს საშუალება, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ პაკეტი, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და მხოლოდ წერტილ-მძიმით ნუ შემოვიფარგლებით. გარკვეული შენიშვნები არსებობს, თუნდაც ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობის კუთხით. რეგლამენტი იძლევა საშუალებას, რომ დავაბრუნოთ მეორე მოსმენის რეჟიმში.”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის ახალ წევრებს სიღრმისეული მუშაობა სურთ:

“ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს პაკეტი და პასუხისმგებლობა ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა აიღოს. მე მგონია, რომ შესაძლებელია, კომიტეტმა მეორე მოსმენის ფორმატში განიხილოს პაკეტი. მე ამას მხარს დავუჭერ,” – აღნიშნა ბესელიამ.

კანონპროექტის მომხსენებლის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ის დეპუტატების ინიციატივას იზიარებს:

“ამ კანონპროექტის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის და ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას განსაკუთრებული მიდგომა აქვს ამ საკითხებისადმი. შესაძლებელია, სამინისტროს პოზიცია იყოს დადებითი, თუმცა ჩემი თხოვნაა, რომ ეს კანონპროექტი ძალიან მალე იქცეს კანონად,” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

მართლმსაჯულების მესამე ტალღით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც პარლამენტში 2015 წელს დარეგისტრირდა, მერვე მოწვევის პარლამენტმა 2016 წლის თებერვალში მიიღო, თუმცა მესამე მოსმენაზე არ გაიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ პარლამენტს, რომ დროულად მიეღო მესამე ტალღა და მუშაობა დაწყებულიყო რეფორმის მეოთხე ტალღაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი