ახალი ამბები

რატომ არ მიიღებს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას

27 დეკემბერი, 2016 • 4283
რატომ არ მიიღებს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მონაწილეობია მიიღოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 27 დეკემბერს დანიშნულ სხდომაში. ისინი ამას შემდეგი მიზეზებით ხსნიან:

პოლიტსაბჭოს მოწვევის საბაბად დასახელებული მიზეზები არ საჭიროებს ამ ფორმატში შეკრებას, რადგან გადაწყვეტილება 20 იანვრის ყრილობის ჩატარების წესის შესახებ უკვე დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ.

ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომისიის შედგენის წესი გულისხმობს პარიტეტზე დაფუძნებული საორგანიზაციო კომისიის შექმნას. პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა უკვე დაასახელა 6 წევრი. ჩვენ დღემდე ველოდებით, როდის დაასახელებენ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები წინასწარ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში საკუთარ წარმომადგენლებს.

ყრილობის საორგანიზაციო წესებზე სწორედ საორგანიზაციო კომისიამ უნდა იმსჯელოს სამუშაო ფორმატში და არა პოლიტსაბჭომ, რადგან ეს არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია; შესაბამისად, პოლიტსაბჭოს ეს სხდომა ემსახურება ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას.

• 20 იანვრის 7000-დელეგატიანი ყრილობის მოწინააღმდეგეებმა უარი განაცხადეს უკლებლივ ყველა წინადადებაზე, რომელიც კომპრომისისკენ იყო მიმართული.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ 20 დღის განმავლობაში, ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარი თქვა ყრილობის საორგანიზაციო საკითხების ირგვლივ თანამშრომლობაზე.

• 30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 10 იანვრისა.

“ამიტომ ნაჩქარევად სხდომის მოწვევას პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველოში არყოფნის პირობებში მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სურვილია, კომისიის მუშაობა წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რადგან სწორედ საორგანიზაციო კომისია არის ის სტრუქტურა, სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა შედგეს დისკუსია პროცედურულ საკითხებზე.

“ამასთან, საორგანიზაციო კომისია ვერ შეითავსებს ვერც ერთ იმ ფუნქციას, რომელიც დამტკიცებული წესებით პოლიტსაბჭოს კომპეტენციაშია.

გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩეველების წინაშე და გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველასთან თანამშრომლობისთვისპარტიის რაიონული ორგანიზაციების, საპარლამენტო დეპუტაციის, მაჟორიტარობის კანდიდატების, პოლიტსაბჭოს წევრების და პარტიის მხარდამჭერების ჩათვლით.

ჩვენი მიზანია ენმის ყრილობის სამაგალითოდ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება, რადგან სწორედ ეს ყრილობა უნდა გახდეს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ პოლიტსაბჭოს 27 წევრი:

1. ზაზა ბიბილაშვილი

2. ლევან ვარშალომიძე

3. ლევან ბეჟაშვილი

4. ირაკლი ნადირაძე

5. გიორგი პატარაია

6. აკაკი მინაშვილი

7. კობა სუბელიანი

8. თინათინ ბოკუჩავა

9. ზურაბ მელიქიშვილი

10. ჩიორა თაქთაქიშვილი

11. პეტრე ცისკარიშვილი

12. ნუგზარ წიკლაური

13. ომარ მეგრელიძე

14. კახა ბუცხრიკიძე

15. ირაკლი ქავთარაძე

16. გიორგი კარბელაშვილი

17. დავით კირკიტაძე

18. ეკატერინე ხერხეულიძე

19. ხათუნა ოჩიაური

20. დავით დარცმელიძე

21. ნინო კალანდაძე

22. კობა ხაბაზი

23. გოჩა კუპრავა

24. მარიამ საჯაია

25. პაატა ლეჟავა

26. ვახტანგ ლემონჯავა

27. მიხეილ მახარაძე

პოლიტსაბჭოს წევრების მეორე ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე,  დღეს, 17:00 საათზე, აპირებენ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვას 20 იანვრის ყრილობის მოსამზადებელ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი