ახალი ამბები

საბურთალოს 92–ე სპეცუბანზე ვიდეოგადაღება აიკრძალა

1 ოქტომბერი, 2012 •
საბურთალოს 92–ე სპეცუბანზე ვიდეოგადაღება აიკრძალა

ადგილზე მისულ “ნეტგაზეთის” კორესპონდენტს კომისიის თავმჯდომარემ მზია ბადრიაშვილმა აუკრძალა ვიდეოგადაღება 10 წუთითაც კი.

მისი განცხადებით, მედიას გადაღება მხოლოდ დილის საათებში შეეძლო და ისიც 10 წუთით.

“ახლა შეგიძლიათ მხოლოდ საარჩევნო ყუთი გადაიღოთ. სახეების გადაღება არ შეიძლება”, – განაცხადა სპეცუბნის კომისიის თავმჯდომარემ მზია ბადრიაშვილმა. თუმცა, კონკრეტული მუხლი არ დაუკონკრეტებია საარჩევნო კოდექსიდან და არც ცესკოს დადგენილებიდან, რომლის ძალითაც ის მსგავს შეზღუდვას აწესებდა უბანზე.

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერით გადაღება ასევე აუკრძალეს და უბანი დაატოვებინეს “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენელს მარიამ კაპანაძეს. კომისიის თავმჯდომარემ შეადგინა აქტი. 11 წევრი დათანხმდა (მხოლოდ 2 წავიდა წინააღმდეგ (“ქართული ოცნება”), რის საფუძველზეც “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენელს მარიამ კაპანაძეს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

კომისიის წევრების განცხადებით, მარიამმა საარჩევნო უბანი დატოვა ვიდეოკამერით და მას აღარ შეეძლო უბანზე გადამღები საშუალებით ხელმეორედ დაბრუნება.

თუმცა, მარიამ კაპანაძის განცხადებით, ის დერეფანში გავიდა კამერის გარეშე მეხსიერების ბარათის მოსატანად.

როდესაც “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენელი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, მან შეცვალა მეხსიერების ბარათი და გააგრძელა გადაღება. ვიდეო ჩამწერი მხოლოდ საარჩევნო ყუთზე იყო ფოკუსირებული. ამის მიუხედავად კომისიის თავმჯდომარე მივარდა კამერას და ძალით გამორთო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ქეთი მამამთავრიშვილმა დააწერინა მარიამ კაპანაძეს საჩივარი, სადაც აღინიშნა, რომ უკანონოდ შეიზღუდა ვიდეო გადაღება.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო გვერდით მყოფ საბურთალოს 91–ე სპეც–უბანზე, სადაც გადაღება უპრობლემოდ შეეძლო ჟურნალისტებს. ეს უბანიც დაცვის პოლიციის შენობაშია განთავსებული.

კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ასათიანმა სრული თანხმობა განუცხადა გადაღებაზე “ნეტგაზეთის” რეპორიორს. მისივე თქმით, 18:40 საათისთვის უკვე 1089 ამომრჩეველმა მისცა ხმა. სულ რეგისტრირებულია 1198 ამომრჩეველი აღნიშნულ სპეც–უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი