„სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 17:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 52%-ს. ეს გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის შეადგენდა 43%-ს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტივობა თბილისში. „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 52%-მა მიიღო. ეს მონაცემი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების 17:00 საათის მონაცემებს (41%) 11%-ით აღემატება.
რეგიონებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 52%-ს შეადგენს, 2008 წელს კი ეს მაჩვენებალი 17 საათისთვის 53% გახლდათ.
PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 56%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველზე ნაკლებს ერთ წუთში, ხოლო უბნების 44%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.
ინციდენტები:
ამ დროისათვის ორგანიზაციამ დააფიქსირა:
- დაკვირვების ხელშეშლის 4 ახალი ფაქტი – რუსთავის #70, საბურთალოს #61, კასპის #22 და ბათუმის #22 უბნებზე (ამ უკანასკნელ უბანზე დარღვევა აღმოფხვრილია).
- საარჩევნო დოკუმენტის გაყალბების მცდელობის 2 შემთხვევა – დმანისის #47 უბანზე და ოზურგეთის #12 უბანზე, ამ უკანასკნელზე დარღვევა აღმოფხვრილია.
- არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 4 შემთხვევა – ნაძალადევის #2, გლდანის #106, მესტიის #20, გურჯაანის #5 და ზუგდიდის #75 უბანზე.
- სხვის ნაცვლად ხმის მიცემის 5 შემთხვევა – რუსთავის #86, ჭიათურის #23, ქუთაისის #107, ბათუმის #8 და #31 უბნებზე.
- მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევის 6 ფაქტი – სამგორის #4, მესტიის #20, წყალტუბოს #4, მარნეულის #30, მარნეულის #50, ასევე ბათუმის #35 და #105 უბანზე (ამ უკანასკნელ უბანზე დარღვევა აღმოფხვრილია).
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა – მარტვილის #9 უბანზე.
- საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევის 2 ფაქტი – ქუთაისის #58 და #127 უბანზე.
- გადასატანი ყუთის უბნიდან დაგვიანებით გასვლა – მარნეულის #46 უბანზე.
- სიებში არასათანადო პირების ყოფნა – ვაკის #46, და დუშეთის #41 უბნებზე.
- საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 2 ფაქტი – ქობულეთის #11 და თერჯოლის #13 უბნებზე.
- უბანზე აგიტაციის 2 შემთხვევა – ლენტეხის #11 და საგარეჯოს #42 უბანზე.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საგარეჯოს #45 უბანი, სადაც, დღის განმავლობაში მოხდა არაერთი დარღვევა. უბანზე დარღვევით ჩატარდა წილისყრა და უბანი გაიხსნა 08:30 სთ-ზე. აღნიშნული კომისიის წევრებმა არ იციან ქართული. დღის განმავლობაში უბანზე არ ხდებოდა საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსი პირები, დაცული არ იყო ხმის მიცემის ფარულობა, უბანზე იყო ქაოსი. დაიწერა საჩივრები, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად საჩივრებისა უბანზე კვლავ გრძელდებოდა სვადასხვა სახის დარღვევები. ამ უბანზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოითხოვა საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა და კომისიის წევრების, მათ შორის კომისიის თავჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 38 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარი.
“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.