ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო დათხოვნილ სამხედროებს კომპენსაციებს მისცემს

27 დეკემბერი, 2016 • 4610
თავდაცვის სამინისტრო დათხოვნილ სამხედროებს კომპენსაციებს მისცემს

თავდაცვის სამინისტროდან წასული 209 სამხედრო მოსამსახურე უწყებისგან, წოდების შესაბამისად, კომპენსაციას მიიღებს. როგორც გენშტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახაძე ამბობს, კომპენსაცია 10 000-დან 29 000 ლარამდე მერყეობს. უწყების ცნობით, 209 სამხედრო მოსამსახურემ სამინისტრო საკუთარი ინიციატივით დატოვა. 160 სამხედრო მოსამსახურე კი კადრების განკარგულებაში იმყოფება და მათი დასაქმება სამხედრო ძალებში მოხდება:

“კადრებში გაყვანილი სამხედრო კაპრალებიდან, სერჟანტებიდან ძირითად ნაწილს მიეცა კომპენსაცია, რომელიც მერყეობს 10 000-დან 29 000 ლარამდე. ხოლო ის პირადი შემადგენლობა, რომელიც დარჩენილია ახლა კადრების განკარგულებაში – ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მათი დასაქმება ისევ სამხედრო ძალებში. კომპენსაციების თანხა კი, ჯამში, აღემატება 5 მლნ ლარს” – ამბობს პოლკოვნიკი შალვა ჯაბახაძე.

ჯაბახაძის თქმით, ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმას უკავშირდება. რაც შეეხება ხარჯების ოპტიმიზაციას, გენშტაბის უფროსის მოადგილის თქმით, ეს საკითხი ძირითადად სამოქალაქო პირებს შეეხება. მისი განცხადებით, ოპტიმიზაცია არ დაწყებულა დაბალი თანამდებობის პირებიდან და რეფორმა მხოლოდ თავდაცვის სისტემის გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, ეს მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი იყო.

“მოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს რიგ სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაცია, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მივუახლოვდეთ, როგორი სტანდარტებიც უნდა იყოს რეალურად.”

თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმაც. მისი თქმით, თავდაცვის სფეროში რიგ შემთხვევებში სტრუქტურა არაადეკვატურად იყო გაზრდილი:

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თავდაცვის სფეროში რიგ შემთხვევებში სტრუქტურა არაადეკვატურად გაზრდილი იყო. ასევე ჩვენ გვაქვს დისბალანსი უფროს და უმცროს ოფიცრებს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა დავჯდეთ ე.წ. სტანდარტზე. რიგითმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ უმწიკვლო სამსახურის შემთხვევაში ის გახდება გენერალური შტაბის უფროსი. ჩვენ თუ ეს სისტემა არ დავგეგმეთ და კარიერული სისტემა არ დავგეგმეთ, ძირითადი ხერხემალი მოირღვევა” – თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

21 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან დაითხოვეს 77 თანამშრომელი. როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული, შოთა მატითაიშვილი ამბობს, გათავისუფლებულებს შორის როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციის ოფიცრებიც იყვნენ. კომპენსაცია კი მხოლოდ კაპიტნებმა მიიღეს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მათ ალტერნატიულ სამსახურს არ შესთავაზებს, სასამართლოში ჩივილს აპირებს.

გენშტაბის უფროსის მოადგილის, შალვა ჯაბახაიძის თქმით, სამინისტროდან კადრების დათხოვნა არ უკავშირდება მთავრობის ინიციატივას ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ:

“ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყოს გასამხედროებული ქვედანაყოფი, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთი კონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლებაც მიღებული და, რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მათი გათავისუფლების მიზეზი. სამხედრო პოლიციის ბატალიონები არ დარჩება ამ ფორმით, შემდგომში ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის გაბერილი შტატებიც. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ჰაუპვახტის საკითხი. როდესაც ჰაუპვახტი აიკრძალა, აღარ იყო შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ სამხედრო პოლიციაში შტატი არსებობდა… არავითარ კავშირში არ არის ეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან. ეს იყო ჩვენი ხედვა,”- განაცხადა შალვა ჯაბახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი