ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ

27 დეკემბერი, 2016 • 2880
თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ

საქართველოს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლის, შოთა მათითაიშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სასამართლოს მიმართავს. მათითაიშვილის თქმით, 21 დეკემბერს სამხედრო პოლიციიდან სამოქალაქო პირებთან ერთად სამხედრო ოფიცრები, მათ შორის უფროსი ლეიტენანტები და კაპიტნებიც გაუშვეს:

“ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სასწრაფოდ აღგვადგინონ სამსახურებში ან შემოგვთავაზონ რაიმე ალტერნატიული. სამსახურებიდან ჩვენ ისე გამოგვიშვეს, რომ არც ალტერნატიული შემოუთავაზებიათ. ჩვენ უნდა მივმართოთ სასამართლოს და მერე გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ. ჩვენ, სამოქალაქო პირები, ვინც გაგვიშვეს, უმეტესობას რიგითის წოდება გვაქვს. არც ის შემოუთავაზებიათ, რომ დავენიშნეთ სამხედროთი. სამხედრო ოფიცრები, კაპიტნები, უფროსი ლეიტენანტები – ისინიც გაუშვეს სამსახურიდან. კაპიტნებს მისცეს მხოლოდ კომპენსაცია,” – ამბობს თავდაცვის უწყების ყოფილი თანამშრომელი.

თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 21 დეკემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან 77 პირი დაითხოვეს. გენშტაბის უფროსის მოადგილის, შალვა ჯაბახაიძის თქმით, სამინისტროდან კადრების დათხოვნა არ უკავშირდება მთავრობის ინიციატივას ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ:

“ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყოს გასამხედროებული ქვედანაყოფი, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთი კონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლებაც მიღებული და, რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მათი გათავისუფლების მიზეზი. სამხედრო პოლიციის ბატალიონები არ დარჩება ამ ფორმით, შემდგომში ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის გაბერილი შტატებიც. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ჰაუპვახტის საკითხი. როდესაც ჰაუპვახტი აიკრძალა, აღარ იყო შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ სამხედრო პოლიციაში შტატი არსებობდა… არავითარ კავშირში არ არის ეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან. ეს იყო ჩვენი ხედვა,”- განაცხადა შალვა ჯაბახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი