ახალი ამბები

პარლამენტი “გირჩის” ინციატივისთვის 31 დეკემბრამდე კენჭისყრას არ აპირებს

26 დეკემბერი, 2016 • 3979
პარლამენტი “გირჩის” ინციატივისთვის 31 დეკემბრამდე კენჭისყრას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს, 26 დეკემბერს, 10 დღით გაახანგრძლივა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა.

შესაბამისად, 28-30 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წერსიგით ეს საკითხი გათვალისწინებული არ არის.

“გირჩმა” 16 ნოემბერს განაცხადა, რომ თუკი 31 დეკემბრამდე პარლამენტი არ შეცვლიდა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, საჯაროდ დათესავდნენ მარიხუანას. მარიხუანის დათესვა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, ამ საკითხზე დამატებითი შეხვედრები გამართონ:

“ეს არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი საკითხი. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გთავაზობთ, სისტემური ხედვა რომ ჩამოვაყალიბოთ, ასე ფრაგმენტული განხილვები შეიძლება არ იყოს ამ პროცესისთვის პოზიტიური ფონის შემქმნელი. ამიტომ, ალბათ, უმჯობესი იქნება, ჩვენ კიდევ დამატებითი კონსულტაციები გავიაროთ,”- განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

მას ეთანხმება განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაშიც. მან აღნიშნა, რომ “გირჩის” პოზიციის მიუხედავად, საკითხის დაჩქარებულად განხილვა არ შეიძლება:

“31 დეკემბერი იყო ერთგვარ “დედლაინად” შემოთავაზებული. მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. დაჩქარებული წესით განხილვა, ვფიქრობ, არ იქნება სასურველი,”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “გირჩის” პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ პოზიცია უცვლელია და 31 დეკემბერს მარიხუანის დათესვას აპირებენ. პრესსამსახურის განცხადებით, იურიდიულ კომიტეტს საკმარისი დრო ჰქონდა, ეს ინიციატივა განეხილა.

მათივე განცხადებით, შეიცვლება მხოლოდ აქციის გამართვის დრო და დაანონსებული 31 დეკემბრის 23:59-ის ნაცვლად 21:00 საათზე გაიმართება, რადგან ტელევიზიებს სწორედ ამ დროს აქვთ საინფორმაციო გამოშვებები.

“მივმართავთ საქართველოს მომავალ  პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში გახდეს სრულად ლეგალიზებული. ასევე, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა იყოს ლეგალიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის 31 დეკემბერს გირჩის ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 16 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი