უბნების გარეთ მდგარი კოორდინატორები და სხვა მცირე ხარვეზები – დაახლოებით, ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები თბილისის საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესს.
საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოსული ეუთოს 250 დამკვირვებლებს შორის ტომას შმიდი ერთ-ერთი იყო. საარჩევნო პროცესს თბილისში, დიდუბის ოლქის 10-მდე უბანში აკვირდებოდა.
ყველაზე თვალშისაცემი, საარჩევნო პროცესის დროს მისთვის ის უცხო ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების გარეთ იდგა და რაღაცას იწერდა.
“სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველა უბნის გარეთ შავსათვალიანი მამაკაცები იდგნენ. ზოგიერთი ავტომობილში იჯდა. თავიდან მეგონა, რაღაც „კარუსელს“ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ალბათ მოსულ ამომრჩევლებს აკვირდებოდნენ,”- ამბობს ტომას შმიდი.
მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევები სომხეთშიც უნახავს.
“სომხეთშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა, როცა არჩევნებს ვაკვირდებოდი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თბილისში არჩევნებმა წელს დარღვევების გარეშე ჩაიარა. გარდა ამისა, უბნების გარეთ ქალების ჯგუფებიც იმყოფებოდნენ და მოსულ მხარდამჭერებს ინიშნავდნენ. ეს ძალიან უცნაურია.”
ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მდგარ კოორდინატორთა შორის მხოლოდ ერთმა განაცხადა ღიად, რომ ის მმართველი პარტიის კოორდინატორია და მხარდამჭერთა აღნუსხვა კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სხვა დანარჩენი კოორდინატორები აგრესიული ტონით აცხადებენ, რომ მათი ვინაობა კონფიდენციალურია.
ზოგადად, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების დღე საერთო ჯამში მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩატარდა.
თავად დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ივანე არაბული ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში დიდუბის საარჩევნო უბნებზე არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
“პატარა ტექნიკური ხარვეზები იყო ყოველთვის და იქნება. არჩევნები, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არ არსებობს. პირველ უბანზე იყო შემთხვევა, რომ გუშინ საღამოს კომისიის ოპოზიციური პარტიების წევრებმა მოითხოვა ბიულეტენები გადაეთვალეთ. კომისია სრული შემადგენლობით ესწრებოდა გადათვლას, თუმცა, მეორე დილით, როცა გაიხსნა უბანი, კომისიის წევრებმა თქვეს, რომ ლუქი სხვა იყო. და ამაზე დაწერეს საჩივარი იგივე ხალხმა. ასევე, ერთ უბანზე გაფუჭდა დეტექტორი და დაზიანდა ბეჭედი, მაგრამ მაშინვე მივაწოდეთ. არსებით დარღვევებზე საუბარი არ არის.”- ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.
ერთ-ერთი საჩივარი კი, რომელიც საოლქოში არაბულის განმარტებით შევიდა, მედიის წარმომადგენელს ეკუთვნის.
“შტატივზე მოძრაობდა კამერა და თავმჯდომარემ მიუთითა, რომ სტატიკური კადრი უნდა ყოფილიყო,”- აცხადებს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ დიდუბის რაიონში საპარლამენტო არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს -25.16% და ბიძინა ივანიშვილი -“ქართული ოცნება” 70.39%; რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ჩაჩანიძემ – 25.34%, “ქართული ოცნებიდან”- ვახტანგ ხმალაძემ კი, 71.04% აიღო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.
სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს