ქალბატონები, რომლებიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, უბნის შესასვლელში სხედან და როგორც თავად აცხადებენ, ერთ–ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან და აღწერას ახორციელებენ.
გლდანის #82 უბანზე სულ 1441 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 15:00 საათის მონაცემებით, ხმა უკვე მისცა 621–მა ამომრჩეველმა.
როგორც უბნის თავმჯდომარე აცხადებს, ამომრჩეველთა აქტივობა დილით უფრო მაღალი იყო, ახლა კი შედარებით შემცირდა.
არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები: ამომრჩეველთა ლიგა, ასოციაცია ქალი და არჩევანი, თავისუფალი არჩევანი და სახელმწიფო ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი.
ასევე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ქართული ოცნების”, “ქრისტიან დემოკრატიული პარტიის”, “ახალი მემარჯვენეების” და “ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებლები.
კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის ხათუნა ბირკაძის განცხადებით, საარჩევნო დღის დასაწყისში შეხლა შემოხლა იყო დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის, რადგან დამკვირვებლები უბნის ერთ კუთხეში მოათავსეს:
“საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დიდ დარბაზში, ჩვენ გვითხრეს, რომ დარბაზის მეორე ბოლოში უნდა ვმდგარიყავით ბოლო მაგიდიდან 3 მეტრის მოშორებით, საიდანაც დაკვირვება შეუძლებელი იყო. თავიდან უფრო აგრესიულები იყვნენ, ახლა შედარებით ნაკლებად”, – აცხადებს ხათუნა ბირკაძე.
დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო პროცესში სხვა გართულებებს ადგილი არ ჰქონია.