ახალი ამბები

115 985 ლარის საპენსიო თანხების მითვისების ბრალდებით 8 პირი დააკავეს

26 დეკემბერი, 2016 • 1943
115 985 ლარის საპენსიო თანხების მითვისების ბრალდებით 8 პირი დააკავეს

ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, „ლიბერთი ბანკში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.

“აღნიშნული გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საერთო ჯამში, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა,” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით გრძელდება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი