„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.
ცვლილების მიხედვით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, თუ ამისთვის უკვე არსებობს რამდენიმე წინაპირობა. კერძოდ:
- მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. კერძოდ, ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიცაა: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება თუ განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და სხვა;
- მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია;
- დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.
საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა, რომლის განცხადებითაც, საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.








