როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა შარიქაძემ განაცხადა, ნებისმიერი ფოტოვიდეო გადაღება გამოყოფილი ადგილიდანაც კი იკრძალება, თუკი კამერა მხოლოდ ერთ კადრზე არ არის გაჩერებული:
“მე როგორი მითითებაც მომცეს, იმის მიხედვით ვმოქმედებ, მნიშვნელობა არ აქვს მობილურით გადაიღებთ, თუ ჩვეულებრივი კამერით, 10 წუთის გასვლის შემდეგ გამოყოფილი ადგილიდან გაქვთ მხოლოდ ერთი სტატიური კადრის გადაღების უფლება, ვინაიდან თქვენს კამერას არ აქვს შტატივი, სტატიურ კადრს ვერ გადაიღებთ, ამიტომ გთხოვთ შეწყვიტოთ გადაღება”, – განუცხადა თეა შარიქაძემ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, რომელიც საარჩევნო პროცესის გადაღებას გამოყოფილი ადგილიდან მინი Flip კამერით აწარმოებდა.
მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა თავმჯდომარეს მიუთითეს, რომ შეზღუდვები მობილურით და Flip კამერით გადაღებას არ ეხებოდა, ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
გადაღების შეწყვეტა მოითხოვა ცესკოს წარმომადგენელმა თათია ზარქუამაც:
“მე არ ვიცი თქვენ რომელი კოდექსის რომელი დადგენილება წაიკითხეთ, მაგრამ ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ თქვენ გამოყოფილი ადგილიდან ისე უნდა აწარმოოთ გადაღება, რომ კამერა არ გაინძრეს, არსად არ წერია, რომ ეს არ ეხება მობილურით და Flip–ით გადაღებას, რადგან თქვენს კამერას არ აქვს შტატივი ხელს მუდმივად ერთ კადრზე ვერ გააჩერებთ, დაგეღლებათ, ამიტომ უნდა შეწყვიტოთ გადაღება”, – განაცხადა თათია ზარქუამ.
“თუკი მოთხოვნას არ დაემორჩილებით იძულებული ვიქნები დაგატოვებინოთ უბანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დამიწერენ საყვედურს”, – განაცხადა თავმჯდომარემ თეა შარიქაძემ.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ცესკოს არ აქვს უფლება ჟურნალისტს მოსთხოვოს ერთი სტატიური კადრის გადაღება:
“გამოყოფილი ადგილიდან ჟურნალისტს შეუძლია მიაბრუნოს კამერა საითაც უნდა, ხოლო აღნიშნული შეზღუდვები მობილურებზე და Flip კამერაზე არ ვრცელდება, ჩვენ შევეცდებით მოვახდინოთ რეაგირება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.