“ქართული ოცნების” დამკვირვებელმა ზურაბ ჯორბენაძემ #6 უბანზე ის ოთახი შეამოაწმა, რომელშიც კომისიის წევრები ისვენებენ, ან საკვებს იღებენ. ჯორბენაძე ოთახში ბიულეტინებს ეძებდა, თუმცა ვერ აღმოაჩინა. მისი თქმით, ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პირმა შენობა ბიულეტინთან ერთად დატოვა და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩაატარა შემოწმება.
ჯორბენაძეს ინფორმაცია თეა ბერიძემ მიაწოდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი არჩევანიდან” საარჩევნო პროცესს აღნიშნულ უბანზე დილიდან აკვირდება.
“ლიკა ლიკლიძე დილიდან საეჭვოდ იქცეოდა, პირადობის მოწმობა მოვთხოვე და არ აღმოაჩნდა, მანქანაში მაქვსო. შემდეგ ნაციონალების კოორდინატორთან ერთად შევნიშნე. ინტენსიურად რომ დადიოდა, დავაკვირდი, შემოვიდა, შემოვყევი, როცა გავიდა, გავყევი. გარეთ ვიყავი, როდესაც გამოვარდა მანქანა, ელოდებოდა kfk-316 და მძღოლს მიაწოდა ბიულეტინი და მანქანაც წავიდა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” თეა ბერიძემ.
დაპირისპირება გაგრძელდა საარჩევნო უბნის გარეთაც, სადაც ერთ-ერთ დამკვირვებელს იმედო ფრუიძეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის არჩევანს” წარმოადგენს, ავტომობილში “ნაციონალური მოძრაობის” ატრიბუტიკის ქონას ედავებიან. იმედო ფრუძის, მანქანაში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ჰქონდა.
დიდუბის #6 უბანზე, ერთიან სიაში 833 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, სპეციალურ სიაში – 12, გადასატანი ყუთის სიაში – 13.
12 საათის მონაცემებით, ხმა ამ უბანზე 240 ადამიანმა მისცა ხმა. უბანს 43 დამკვირვებელი აკვირდება.
“ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჩაჩანიძეა, “ქართული ოცნების” – ვახტანგ ხმალაძე, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან” – ზურა ხაჩიძე.