ახალი ამბები

‘საერთაშორისო გამჭვირვალობის’ მიერ დაფიქსირებული დარღვევები

1 ოქტომბერი, 2012 •
‘საერთაშორისო გამჭვირვალობის’ მიერ დაფიქსირებული დარღვევები

11:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ინფორმაციით, ამ დროისათვის მათ მიერ გამოვლენილია ე.წ სომხური მარაოს გამოყენების შემთხვევა, ბიულეტენთა ნაკლებობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით და ასევე, ხმის მიცემა პირადობის მოწმობების გარეშე.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თბილისში, მედიაცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს ორგანიზაციის მიერ ამ დროისათვის მოგროვებული ინფორმაცია მიაწოდა. 

 

ეკა გიგაური ინფორმაციით, არჩევნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” 420 დამკვირვებელი აკვირდება საქართველოს 300 საარჩევნო უბანზე და ფარავენ არსებული 73 ოლქიდან 63–ს.

 

420 დამკვირვებლიდან 56 საერთაშორისო დამკვირვებელია, გარდა ამისა, არჩევნებს აკვირდება ორგანიზაციის 36 მობილური ჯგუფი.

 

“საერთაშორისო გამჭვირალობის” ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩევლის რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენის მიტანა დაფიქსირებულია 20–ზე მეტ უბანში, გარდა ამისა, საბურთალოს 52–ე უბანზე მოქალაქე გიორგი ჯიქიამ საარჩევნო ყუთში გარედან შეტანილი ბიულეტენი ჩააგდო, უბანზე მიღებული ბიულეტენი კი გარეთ გაიტანა. ეკა გიგაურის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას და ამით სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.

 

ორგანიზაციამ ახალქალაქის მე–19 უბანზე დააფიქსირა, რომ ათამდე მოქლაქეს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა. ერთ–ერთი დარღვევა კი ასევე დაფიქსირდა ჩხოროწყუს 21–ე უბანზე, სადაც სამკერდე ნიშნის არმქონე პირები მითითებებს აძლევდნენ კომისიის წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი