ახალი ამბები

ალეპოსთვის ბრძოლა დასრულდა – მოსახლეობის ევაკუაცია იგვიანებს

14 დეკემბერი, 2016 • 4933
ალეპოსთვის ბრძოლა დასრულდა – მოსახლეობის ევაკუაცია იგვიანებს

დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ალეპოში დარჩენილ მოსახლეობას ქალაქიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას მისცემდნენ. ალეპოში სამთავრობო ავტობუსები უკვე შეყვანილია, თუმცა ევაკუაცია იგვიანებს. დაგვიანების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ევაკუაციაზე მხარეები 13 დეკემბერს, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც გაერომ სამთავრობო ძალების მხრიდან ალეპოს მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა: გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის თქმით, მათ აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში, ოთხ სხვადასხვა სამეზობლოში, 82 მოქალაქე ჩაცხრილეს, მათ შორის 11 ქალი და 13 ბავშვი. შეთანხმების თანახმად, მოსახლეობას ალეპო გამთენიისას მაინც უნდა დაეტოვებინა, თუმცა ჯერჯერობით ქალაქი არავის დაუტოვებია.

“როიტერსი” წერს, რომ ევაკუაციამ შესაძლოა 15 დეკემბრამდე დაიგვიანოს. ამაში ასადის ოპოზიცია პრეზიდენტის მოკავშირეებს, ირანსა და შიიტურ მილიციას ადანაშაულებს. თუმცა დაგვიანების მიზეზები ჯერჯერობით არავის განუმარტავს.

სოციალურ ქსელებში ბოლო საათების განმავლობაში ალეპოში დარჩენილი მოსახლეობის ვიდეოები გავრცელდა, – ასადის სამთავრობო ძალების მიერ აჯანყებულების დამარცხებისა და ქალაქის აღების პარალელურად, მოქალაქეებს ეშინოდათ, რომ ასადის რეჟიმი მათაც სასტიკად მოეპყრობოდა. იმავეს ფიქრობს გაეროც – მათი ინფორმაციით, ასადის მხარდამჭერები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში იჭრებოდნენ და ადგილზე ხოცავდნენ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი გაერომ “კაცობრიობის კრიზისად” შეაფასა. სამთავრობო ძალების მოქმედებას “გენოციდს” უწოდებდნენ ალეპოელები და ამბობენ, რომ ქალაქში დარჩენილი ყველა ადამიანი საფრთხეშია. ამიტომ ითხოვდნენ მხარდაჭერასა და დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგან. სწორედ ამ საფრთხეებზე საუბრობენ გავრცელებულ ვიდეოებში.

13 დეკემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით მოხერხდა, დაასრულა მრავალწლიანი დაპირისპირება ქალაქში. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ძირითადმა მოკავშირემ, რუსეთმა, განაცხადა, რომ ქალაქში სამხედრო ოპერაციები დასრულდა. როგორც BBC წერს, ალეპოელები ამბობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ სამხედრო დაპირისპირებები ნამდვილად არ ყოფილა. ალეპო, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო 2-მილიონიანი მოსახლეობით, უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველად იყო ქცეული. აჯანყებულებს ასადის რეჟიმის დამხობა სურდათ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ახერხებენ, დაიბრუნონ პოზიციები აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც აჯანყებულები დამარცხებისკენ მიჰყავს. ბოლო პერიოდში ასადის ჯარებმა, რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, აჯანყებულები ქალაქის მცირე დასახლებებში მიიმწყვდიეს, ახლა კი, რუსეთის თქმითვე, ასადის ხელისუფლებამ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე აღიდგინა კონტროლი.    

გაეროსა და აშშ-ის მტკიცებით, სირიის სამთავრობო ძალებმა მოკავშირეებთან, რუსეთსა და ირანთან, ერთად ქალაქში სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. სირიისა და რუსეთის პოზიციით, ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება – აჯანყებულები ჯერ კიდევ ფლობენ დიდ ტერიტორიებს, ასევე, სირიაში ტერიტორიები დაკავებული აქვს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”. როგორც “ბიბისი” წერს, ეს განსხვავებული ომი იქნება – ნაკლები აჯანყებული ეცდება ტერიტორიების დაკავებასა და საკუთარი გავლენების გაფართოებას, მაგრამ გახშირდება პარტიზანული ომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი