ახალი ამბები

გერმანიაში ტერორიზმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

23 დეკემბერი, 2016 • 1644
გერმანიაში ტერორიზმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გერმანიის პოლიციის ცნობით, ნიდერლანდების სამეფოს საზღვრთან მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაკავებულები ძმები არიან და პოლიციის ინფორმაციით, ისინი კოსოვოს მოქალაქეები არიან.

როიტერის ინფორმაციით, ამ დროისათვის უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები კავშირში 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერაქტთან.

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილის ძიება გრძელდება. ტუნისელი ანის ამრი, სავარაუდოდ, მართავდა იმ სატვირთო მანქანას, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა. პოლიცია ადასტურებს, რომ ამრის თითის ანაბეჭდები სატვირთოს საჭეზე აღმოჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 49 ადამიანი და დაიღუპა 12.

გერმანიაში 19 დეკემბრის შემდეგ საგანგებო ვითარებაა შექმნილი. საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა შეჭრის ფაქტიდან მალევე პოლიციამ დააკავა პაკისტანური წარმოშობის პირი, რომელიც გერმანიაში დევნილის სტატუსით ცხოვრობს. პოლიციამ ეს პირი მეორე დღეს გაათავისუფლა. ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი