ახალი ამბები

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია

1 ოქტომბერი, 2012 •
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია

1 ოქტომბრის არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. წინა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა. მათგან ბარიერი (5%) ოთხმა პარტიამ გადალახა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (59.18%), „გაერთიანებული ოპოზიცია“ (17.73%), „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (8.66%), „ლეიბორისტული პარტია“ (7.44%).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიად „ვარდების რევოლიციის“ შედეგად იქცა. რევოლუცია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის შედეგედაც, მაშინდელი ცესკოს მონაცემებით, ბლოკმა „სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა’’ 18.08% მიიღო, ხოლო „ბურჯანაძე–დემოკრატებმა’’ -8.79%. ეს შედეგები რევოლიციის შედეგად გაუქმდა, რის შემდეგაც საპარლამენტო არჩევნები 2004 წელს ჩატარდა, რომელშიც პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“ – 66.24% მიიღო, ხოლო შემდეგ – 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 59.18%-მა დაუჭირა მხარი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,613,851 შეადგენს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3,465,736. არჩევნებში 1,850,407-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება უფრო ადრინდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობას: 2004 წელს მასში მონაწილეობა მიიღო 1,498,012 ამომრჩეველმა, ხოლო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში, რასაც „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა – 1,909,215 ამომრჩეველმა.

ზოგადად, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოში 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა და მასში 2,978,247 ამომრჩეველი  მონაწილეობდა. ამავე წელს დაფიქსირდა საქართველოში ყველაზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველი – 3,594,810, თუმცა ამ მონაცემს წლევანდელმა მაჩვენებელმა 19 041 ამომრჩევლით გაუსწრო.

დღევანდელ არჩევნებს 61 საერთაშორისო და  50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 62 ათასამდე დამკვირვებელი  დააკვირდება. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ყველაზე სოლიდური წარმომადგენლობა საარჩევნო უბნებზე ეყოლება ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისსა  და აშშ-ის საელჩოს საქართველოში. წინა საპარლამენტო არჩევნებზე 15 043 დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 138 მედიაორგანიზაცია გააშუქებს.

1990 წლიდან დღემდე საქართველოში 7 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოში  1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფიქსირდა, როდესაც ბარიერი (2%) 24­მა პარტიამ გადალახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი