საქართველოში მედია ბავშვთა საკითხებს უკეთ აშუქებს, თუმცა, კვლავ ზედაპირულად: ბავშვები არ არიან რესპონდენტები და მათ სახეებს ფარავებ მაშინაც კი, როდესაც საჭირო არ არის – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა 22 დეკემბერს ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ახალი მედიამონიტორინგის შედეგები წარადგინა.
კვლევის თანახმად, 2015 წელთან შედარებით, ბავშვთა საკითხების გაშუქება რაოდენობრივად გაიზარდა, თუმცა სიღრმისეული მასალის ნაკლელობა კვლავ პრობლემად რჩება. ბავშვების შესახებ მომზადებული სიუჟეტებისა და სტატიების მხოლოდ 1% პროცენტი წარმოადგენს სიღრმისეულ მასალას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მასალების უმრავლესობა ზედაპირული და ფრაგმენტულია. ბავშვების საკითხები განიხილება განცალკევებით და ისინი არ არიან ჩართული მთლიან კონტექსტში.
კვლევის ძირითადი მიგნებებიდან ჩანს, რომ მედიაში ბავშვები ყველაზე ხშირად განათლებასა და კრიმინალთან დაკავშირებულ თემებში ჩანდნენ. განათლების საკითხებში კი უმეტესად იმიტომ, რომ ახალი ამბები სასწავლო წელს, სამინისტროს ან მინისტრის განცხადებებს შეეხებოდა.
დღის გადაცემებში ხშირად ბავშვები, უბრალოდ, დეკორაციის როლს ასრულებენ და მათ აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევენ; ან ხშირად ბავშვებს უსვამენ მათთვის არარელევანტურ კითხვებს და წარმოაჩენენ „სულელ“ არსებებად, რითაც ისინი ხდებიან დაცინვის ობიექტები და მედიასაშუალება უფროსი ასაკის აუდიტორიას ართობს.
2015 წლის მარტი–ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 12-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ, თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე მოუწოდებს მედიას, რომ უფრო მეტად გამოაჩინონ ბავშვები და მოისმინონ მათი აზრი თემებზე, რომლებიც მათ ეხებათ. მონიტორინგის თანახმად, ბავშვების ხმა ყველაზე მეტად სპორტთან დაკავშირებულ მასალებში ისმოდა.
მონიტორინგის პროცესში დაფიქსირდა ასევე შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებმა ბავშვის სახე დაფარეს, როდესაც საჭირო არ იყო, ან სხვა დეტალები იმდენად იდენტიფიცირებული იყო, რომ მხოლოდ ბავშვის დაფარვა აზრს კარგავდა.
“აღარ ხდება ბავშვების არასაჭირო იდენტიფიცირება, როდესაც ის არის ძალადობის მსხვერპლი – ჟურნალისტებმა იციან, როგორ გააშუქონ ეს საკითხი, თუმცა გვაქვს მეორე უკიდურესობა. ჟურნალისტები იმ შემთხვევაშიც ფარავენ ბავშვს, როდესაც ეს საჭირო არ არის. ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელია, რომ მისი იდენტიფიცირებით მას მიადგება რაიმე ზიანი, გაუარესდება მისი მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს ჟურნალისტმა – რატომ ფარავს ბავშვს,” – ამბობს ძველიშვილი.
მონიტორინგის ავტორების თქმით, ბავშვებთან დაკავშირებული კანონპროექტები ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში განიხილება და აუდიტორიისთვის უცნობია, რა გავლენას იქონიებს ცვლილები ბავშვის ცხოვრებაზე. ასევე პოლიტიკოსები ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობას იყენებენ საკუთარი პოპულარიზაციისთვის, რაშიც ხელს უწყობს მედიაც.
სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ მასალებში კი ბავშვები უფრო ხშირად ემოციის გასამძაფრებლად გამოიყენება. ასევე მათ მედია უმეტესად ქველმოქმედების ობიექტებად ხედავს:
“ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების საკითხი უმთავრესად ქველმოქმედების ჭრილში შუქდება, მედია ცდილობს თავად მოიძიოს სახსრები მათ დასახმარებლად და აქცენტს არ აკეთებს სისტემურ პრობლემაზე, რის გამოც ბავშვებს რიგითი მოქალაქეების დახმარება სჭირდებათ.”
ნატა ძველიშვილის თქმით, სამონიტორინგო პერიოდში ბავშვებთან დაკავშირებით ეთიკური სტანდარტების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გამოიხატა ძალადობის მსხვერპლი ანდა სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავის იდენტიფიცირებაში.
კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში არაერთი მასალა გამოქვეყნდა, რითიც ბავშვების სხვდასხვა ნიშნით სტიგმატიზება მოხდა.
მონიტორინგის ავტორები ასევე აკრიტიკებენ საბავშვო ტელევიზიებს. მათი განცხადებით, საბავშვო არხების ეთერში გასული გადაცემები ვერ სთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან შინაარსს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნებს. საბავშვო არხების მიერ მომზადებული მასალა ვიზუალურად დაბალი ხარისხისაა, არ არის გამოყენებული ამბის გადმოცემის სხვდასხვა ფორმები, ინოვაციური ხერხები აუდიტორიის მოსაზიდად.
“საბავშვო არხების ეთერში გასული გადაცემების უმეტესობა სავსეა გენდერული სტერეოტიპებით. გადაცემებში ბიჭებს ვხვდებით სათამაშო ავტომატებით შეიარაღებულებს, გოგოებს – სამზარეულოში ანდა სილამაზის სალონში.”
მონიტორინგის თანახმად, ამ საანგარიშო პერიოდში, გასული წლის მსგავსად, აქტუალური იყო მოზარდების სტიგმატიზება და განსხვავებულად ჩაცმული არასრულწლოვნების სხვდასხვა სექტასთან დაკავშირების შემთხვევები.
მედიამონიტორინგის ავტორებმა სამონიტორინგო პერიოდში ბავშვთა საკითხებზე სიღრმისეული მასალის მომზადებისათვის რამდენიმე მედიასაშუალება გამოარჩიეს, რომელთა შორის მოხვდა გაზეთი “ბათუმელები”, ნეტგაზეთი, ჟურნალი “ლიბერალი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა “რეალური სივრცე”.
მონიტორინგს თან ახლავს რეკომენდაციები ჟურნალისტებისათვის. ასევე ცალკე გამოიცა ბროშურა ამავე საკითხზე რჩევებით. მონიტორინგის სრულ ანგარიშს შესაძლოა გაეცნოთ ქარტიის ვებზეც.