ახალი ამბები

დაპირისპირება ‘ოცნებისა’ და ‘ნაციონალების’ მხარდამჭერებს შორის ქუთაისში [Video]

29 სექტემბერი, 2012 • 1189
დაპირისპირება ‘ოცნებისა’ და ‘ნაციონალების’ მხარდამჭერებს შორის ქუთაისში [Video]

ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც “ოცნების” მხარდამჭერების ამბობენ, “ნაციონალების” აქტივისტები აქციის დასრულების შემდეგ ავტომობილით ხალხში შევარდნენ, ისინი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

“ქართული ოცნების” წევრმა შალვა კიკნაველიძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ინციდენტის  დეტალები გააცნო და მათგან საქმის აღძვრა მოითხოვა.

 

ინციდენტის დროს “ქართული ოცნების” წევრების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ქუთაისში აქციის დასრულების შემდეგ მედია ჯგუფის წარმომადგენლები ქართული ოცნების შტაბის წევრ ზაზა მეთაფლიშვილთან მივიდნენ და მისგან კომენტარის მიღებას შეეცადნენ. მეთაფლიშვილს ისინი ბოლო დროს ბესო სურმავას მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე უსვამდნენ კითხვებს, რასაც მათ ირგვლივ მყოფი ქართული ოცნების მხარდაჭერების გაღიზიანება მოჰყვა.

 

“ნაციონალების მანქანა რომ შემოიჭრა ის გადაიღეთ” – ეუბნებოდნენ მედია ჯგუფის წარმომადგნლებს “ოცნების” აქტივისტები.

 

რამდენიმე აქტივისტი შეკრებილ ხალხს მოუწოდებდა, რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად არ შეხებოდნენ. “ქართული ოცნების” წევრები ზაზა მეთაფლიშვილს ირგვლივ შემოეხვივნენ და ასე გაიყვანეს ცენტრალური მოედნიდან. ინციდენტის დროს მედია ჯგუფის ჟურნალისტს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მიკროფონი წაართვა, კაბელი გაწყვიტა  და გადააგდო.

 

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი