ახალი ამბები

ქართველი და უცხოელი 27 ექსპერტის პროგნოზები ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებზე

21 დეკემბერი, 2016 • 2183
ქართველი და უცხოელი 27 ექსპერტის პროგნოზები ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ გამოკითხული ქართველი და უცხოელი ექსპერტების (სულ 27) მოსაზრებები იყოფა საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესახებ გაკეთებული შეფასებისას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც GIP-მა დღეს გამოაქვეყნა, ექსპერტთა 44% ვარაუდობს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე და მისი ელექტორატის რაოდენობა  ამჟამინდელ ნიშნულზე დარჩება. ექსპერტთა 22% ნაციონალური მოძრაობის დაშლას წინასწარმეტყველებს. ხოლო ექსპერტთა   19% თვლის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეძლებს კონსოლიდირებას და მომავალ არჩევნებს გაძლიერებული შეხვდება.

Screen Shot 2016-12-21 at 1.24.05 PM

კვლევის მიხედვით, ექსპერტები გაცილებით  სკეპტიკურად აფასებენ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ პროცესებში.  ექსპერტთა მხოლოდ 11% მიიჩნევს,  რომ მისი გავლენა  პარტიაზე “რამდენადმე” დადებითია.

 

Screen Shot 2016-12-21 at 1.24.57 PM

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები

GIP-ის ზემოხსენებული პუბლიკაციის ავტორი ბიძინა ლებანიძე წერს, რომ ექსპერტები ასევე პესიმისტურად აფასებენ ლიბერალური ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს.

“ლიბერალური პარტიების საარჩევნო ფიასკოს მთავარ მიზეზად გამოკითხულთა 30% ასახელებს მათ უუნარობას, შეექმნათ ლიბერალური პლატფორმის საარჩევნო ბლოკი. ექსპერტთა 59% კი  ლიბერალური პლატფორმის პარტიების სისუსტეს რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით ხსნის: ლიბერალური კოალიციის შექმნის უუნარობა, ძლიერი პროგრამული პროფილის არარსებობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტე. საერთო ჯამში, ექსპერტები პესიმისტურად უყურებენ ლიბერალური პარტიების  მომავალს. გამოკითხულთა 52% აცხადებს, რომ  ლიბერალური პარტიების  პოპულარობა დღეს არსებულ  დაბალ დონეზე დარჩება, ხოლო 26%  მათ კიდევ უფრო დასუსტებას წინასწარმეტყველებს. გამოკითხული ექსპერტების მხოლოდ  22 პროცენტს  აქვს გარკვეულწილად ოპტიმისტური მოლოდინები. მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური პარტიები შეძლებენ რეორგანიზებას და აჩვენებენ უკეთეს შედეგს მომავალი არჩევნებისთვის”, – წერს ბიძინა ლებანიძე.

GIP-ის პუბლიკაციის თანახმად, ექსპერტთა პესიმიზმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ამავე პარტიების შიდაპარტიული სისუსტე და ბოლო არჩევნებზე მათი სუსტი გამოსვლა იყო.

Screen Shot 2016-12-21 at 1.26.37 PM

“ლიბერალურ პარტიებში შიდაპარტიული მენეჯმენტის პრობლემა კიდევ უფრო აშკარა გახდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განვითარებული მთელი რიგი მოვლენების შედეგად. სუსტი მმართველობის პრობლემა იყო, მაგალითად, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის დაშლის ერთერთი მიზეზი. ანალოგიურად, არჩევნებში დამარცხების შემდგომ პარტია დატოვა  თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე ლიდერმა და ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებაში გადავიდა. ექსპერტები ასევე აკრიტიკებენ ლიბერალური პარტიების უუნარობას, გაეერთიანებინათ ძალები არჩევნებამდე. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ლიბერალური პარტიების გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებში მათ შანსებს ერთიორად გაზრდიდა. ისინი მინიმუმ შეძლებდნენ  5%-იანი ბარიერის გადალახვას და საკუთარი ფრაქციის  შექმნას ახალ პარლამენტში”.

პატრიოტთა ალიანსი

GIP-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული ექსპერტები ასევე კრიტიკულად არიან განწყობილნი პატრიოტთა ალიანსის მიმართ. გამოკითხული უმრვლესობა (56%) ელის, რომ პატრიოტთა ალიანსის  შესვლით პარლამენტში გაძლიერდება ულტრა-მემარჯვენე სენტიმენტები საქართველოში. თუმცა ექსპერტთა ნაწილი  (15%) ასევე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ცხოვრება პატრიოტთა ალიანსისს უფრო ზომიერ პოლიტიკურ ძალად აქცევს  და მათი შესვლა პარლამენტში  დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე გააანალიზეს ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხეები და მათი დაძლევის გზები.  რესპოდენტთა კომენტარებში ყველაზე ხშირად მთავარ საფრთხედ ფიგურირებდა ულტრამემარჯვენე ძალების მოძლიერება საქართველოში, რომელთა პოპულარიზაციას დიდად უწყობს ხელს წინა და ახლანდელი მთავრობების არაეფექტური მმართველობა ბევრ სფეროში. თუმცა, ამ მხრივ, საქართველო არ არის გამონაკლისი. შეიძლება პარალელების გავლება ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების რენესანსთან. ექსპერტები ასევე მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამენ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რომელიც მმართველი პარტიის პოზიციების გასაძლიერებლად შეიძლება იქნას გამოყენებული. რამდენიმე ექსპერტმა ხაზი გაუსვა მართველი პარტიის სტრუქტურულ და პოლიტიკურ არათანმიმდევრულობას. მათი აზრით, პარტია შედგება როგორც მემარჯვენე-ცენტრისტული (მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი), ისე მემარცხენე-ცენტრისტული (ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის დიდი ნაწილი) ძალებისგან, რასაც შეიძლება მოჰყვეს არათანმიმდევრული პოლიტიკა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან მთელ რიგ სფეროებში.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიებს, ექსპერტთა აზრით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა გათავისუფლდეს მისი ყოფილი ლიდერებისგან, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არაპროპორციულად დიდი გავლენისგან. ლიბერალურმა პარტიებმა უფრო მეტად უნდა  ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა მათი შანსი მომავალ არჩევნებში გაიზარდოს. გარდა ამისა, აუცილებელია ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ძალების შეჩერება, რომელთა მოძლიერება საფრთხეს უქმნის  საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

მეთოდოლოგიის შესახებ

GIP-ის განცხადებით, ექსპერტთა გამოკითხვა ფართოდ გამოყენებული მეთოდია დასავლეთის ქვეყნებში.

GIP-ის დირექტორს, კორნელი კაკაჩიას ნეტგაზეთსთვის ნათქვამი აქვს, რომ ექსპერტების ვინაობა და მათ მიერ დასახელებული სავარაუდო შედეგები ანონიმურია. მისი თქმით, ყველას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ანონიმურად, ზეწოლის გარეშე გაეკეთებინა პროგნოზი.

“მეთოდის ქართულ კონტექსტში გამოყენებისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ხელმძღვანელობს ექსპერტთა შერჩევის რამდენიმე პრინციპით, რათა კვლევის შედეგები იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მეთოდოლოგიურად გამართული. უპირველესად, ჩვენ მონაწილეობა ვთხოვეთ მხოლოდ იმ ექსპერტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მეორე, იმისთვის, რომ მიგვეღო დაბალანსებული ხედვა, ჩვენ გამოვკითხეთ საქართველოზე მომუშავე როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექსპერტები. ასევე, რათა თავიდან აგვერიდებინა პოლიტიკური მიკერძოებულობა, ჩვენ გამოვკითხეთ ის ექსპერტები, რომლებიც არ არიან დაკავებული პარტიული პოლიტიკით და არ აქვთ რაიმე სახის მჭიდრო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში”, – აცხადებენ GIP-ში.

ეს GIP-ის მიერ ჩატარებული რიგით მეორე ექსპერტთა გამოკითხვაა, პირველი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებს ეხებოდა და შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (National Endowment for Democracy, NED).

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შესახებ

GIP-ის ვებგვერდზე გამოქვყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი  არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა.

“GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. 2013 წლიდან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არის OSCE Network of Think Tanks and Academic Institutions წევრი”.

ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან: ერეკლე ურუშაძე, ვანო ჩხიკვაძე, გიორგი სორდია და ლევან ნატროშვილი. აღმასრულებელი დირექტორია კორნელი კაკაჩია, ხოლო მრჩეველთა საბჭოში შედიან: მელანი სალი, კორი ველტი, ეიკი ბერგი, ნონა მიხელიძე, ალექსანდრე კუპატაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი