პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად.
“საქმის მასალების გადაზავნის მიუხედევად კი, საქართველოში სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე”, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურისავე ცნობით, ქართული მხარე გააგრძელებს თანამშრომლობას ბელგიასთან და მიაწვდის მოპოვებულ დამატებით მტკიცებულებებს ბედუკაძის საქმის გარშემო.
გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალად ედება ადამიანების წამება. ბედუკაძეზე, რომელიც ბელგიაში იმყოფება, ძებნაა გამოცხადებული ინტერპოლის ცირკულარით. ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გადაიღო გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა. მისივე თქმით, პატიმრების წამება ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.
საქართველოს მთავარ პროკურატურას პატიმრების წამების საქმეზე ამ დროისთვის 19 ადამიანი ჰყავს დაკავებული.