მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კოალიციის ერთ–ერთი დაცვის თანამშრომლის შვილის, დავით ცისკარიშვილის ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს:
“17 წლის დავით ცისკარიშვილი უცხო პირებმა იძულებით ჩასვეს მანქანაში, აიყვანეს უცხო ტერიტორიაზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრნენ რომ ოჯახს ამოუწყვეტდნენ, შემდეგ დააყენეს მუხლებზე და ხელებზე მანქანით გადაუარეს. ის ახლაც იმყოფება საავადმყოფოში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, მისი თქმით კოალიციამ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს.
კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე უწყებათაშორის კომისიას გადაეგზავნა ინფორმაცია ბესო სურმავას შესახებაც, კოალიცია ამ საკითხზეც სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.
ფანჯიკიძის განცხადებით სურმავას მიერ სოციალურ ქსელ youtube–ზე ატვირთული ვიდეოები ფაბრიკაციაა, ხოლო სურმავას ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია ამიტომ ფაქტი სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.
ფანჯიკიძე შეეხო ასევე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კოალიციის გურჯაანის მაჟორიტარმა კანდიდატმა თინა ხიდაშელმა კანდიდატურა მოხსნა:
“ხიდაშელს კანდიდატურა არ მოუხსნია, ის ჩვეულებრივად აგრძელებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას, უბრალოდ ბოლო დღეებში მას მასშტაბური შეხვედრები დაგეგმილი არ ჰქონია. დღეს ის იქნება აქციაზე და შემდეგ კვლავ დაბრუნდება გურჯაანში რათა გააგრძელოს თავისი საქმე”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერი დღევანდელ აქციასაც შეეხო, მისი თქმით სხვადასხვა ადგილზე შეკრებულ ხალხს წინ მაჟორიტარი კანდიდატები და კოალიციის ლიდერები გაუძღვებიან, აქცია მუსიკალურადაც იქნება გაფორმებული, ხოლო ბოლოს ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება:
“იმედი მაქვს ეს არის ბოლო ბრიფინგი რომელზეც მე განცხადებას ვაკეთებ არჩევნებამდე, ვიმედოვნებ, რომ ისეთი არაფერი მოხდება რაც კიდევ ერთხელ გამხდის იძულებულს მოვიწვიო საგანგებო ბრიფინგი”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.








