“მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ბესო სურმავას შესახებ”, – განუცხადა სალომე მახარაძემ “ნეტგაზეთს”.
ჩვენ დილიდან ვცდილობდით გაგვერკვია, ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი ბესო სურმავა, რომელიც 3 დღის წინ გაუჩინარდა, დაკავებული ხომ არ არის, ან შსს–მ ხომ არ იცის რამე მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აუდიოჩანაწერი “ქართული ოცნების” ლიდერების შესახებ ბესო სურმავას სახელით 27–28 სექტემბერსაც გავრცელდა. ასევე გავრცელდა თავად ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერიც, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რატომ გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები და რა დავალება ჰქონდა მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან.
ბესო სურმავას ცოლი, მაკა ლობჟანიძე კი მიიჩნევს, რომ სურმავა გატაცებულია. მან დახმარებისთვის სახალხო დამცველსა და სამართალდამცავებს დღეს, 28 სექტემბერს, პრესკონფერენციისას მიმართა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რაც იუთუბზე დაიდო, ეს არის სრული სიცრუე. ის არ აწარმოებდა

არანაირ ფარულ ჩანაწერებს და არ მიუწვდებოდა მათზე ხელი. უბრალოდ, მასზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა, არის მუქარა. არის არაადეკვატური. დამიკავშირდა 1–2–ჯერ ტელეფონით, ვესაუბრე. იძახის რაღაც აბსურდს, ლაპარაკობს არაფხიზელ მდგომაროებაში”, – განაცხადა მაკა ლობჟანიძემ დღეს, 28 სექტემბერს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული პრესკონფერენციისას.
მაკა ლობჟანიძის თქმით, ბესო სურმავა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში 10 წლის მანძილზე მუშაობდა და ის მუდამ ივანიშვილის ერთგული იყო.
მაკა ლობჟანიძე ასევე ამბობს, რომ საკუთარ ქმარს ტელეფონით ჩვეულებრივ 3 დღის წინ ესაუბრა, რის შემდეგაც რამდენიმე საათში იუთუბზე გამოქვეყნდა მისი ვიდეომიმართვა. ლობჟანიძისვე ინფორმაციით, ამის შემდეგ გამართულ სატელეფონო საუბრებში სურმავა არაადეკვატური იყო.
ბესო სურმავას ცოლის ძმა, კახა ლობჟანიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დაცვის წევრი გატაცებულია სამართალდამცავების მიერ და მასზე ხორციელდება ზეწოლა, რისი შედეგიცაა გავრცელებული ვიდეომასალა