ახალი ამბები

სინოდმა შეიძლება პატრიარქისთვის დაცვის გაუქმებაზე იმსჯელოს – ილია II-ის დაცვის უფროსი

21 დეკემბერი, 2016 • 5279
სინოდმა შეიძლება პატრიარქისთვის დაცვის გაუქმებაზე იმსჯელოს – ილია II-ის დაცვის უფროსი

ილია მეორის დაცვის სამსახურის უფროსის, იოსებ ოხანაშვილის განცხადებით, სინოდმა შეიძლება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების საკითხი დააყენოს. ამის შესახებ მან 20 დეკემბერს  რუსთავი 2–თან ისაუბრა.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, სინოდის შესაძლო სურვილის მიუხედავად, მხოლოდ ერთი მხარე ამას ვერ გადაწყვეტს და ამ საკითხზე სასაუბროდ, სავარაუდოდ, მასაც დაუძახებენ. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების საკითხის გარკვევა უშუალოდ პატრიარქთანაც მოხდება, თუმცა ეს არ იქნება საერთო განხილვის თემა.

“უშუალოდ სინოდი ვერ მიიღებს ამის გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას მსოფლიოში, პატრიარქის დაცვის გაუქმება არანაირად არ შეიძლება. არა მგონია, რომ ასეთი რაღაც მოხდეს. აბსურდულად მიმაჩნია, პატრიარქი დატოვო დაცვის გარეშე,” – ამბობს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი 2016 წლის 22 დეკემბერს შეიკრიბება, სადაც საპატრიარქოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაწყებულ დაპირისპირების გარდა, შესაძლოა, ილია მეორის დაცვის სამსახურის გაუქმების საკითხიც განიხილონ.

ნეტგაზეთს საპატრიარქოს პრესსამსახური წარმომადგენელი მაია გაგუა ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სინოდის წევრების გარდა, ჯერჯერობით არავისთვის არის ცნობილი, თუ რა საკითხები განიხილება სხდომაზე. მისი თქმით, პატრიარქის დაცვის უფროსმა მხოლოდ ივარაუდა, რომ შესაძლოა სინოდმა იმსჯელოს ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაზე:

“სინოდის სხდომაზე რა განიხილება, წინასწარ არასდროს არავინ იცის, სინოდის წევრების გარდა, იმიტომ, რომ ეს არის ეკლესიის შიდა საკითხები. მე მგონი, რომ ბატონ სოსოსაც არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და, მე მგონი, საერთოდ არავის აქვს. ეს იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა განიხილონ.”

ჩვენ ასევე დავუკავშირდით საპატრიარქოს სამდივნოს და ვითხოვეთ, რომ სინოდის რომელიმე წევრთან გვესაუბრა სხდომის დღის წესრიგის შესახებ. სამდივნოში განგვიცხადეს, რომ სინოდის წევრები, სავარაუდოდ, მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ განცხადებებს. გარე კომუნიკაციების მენეჯერი დაგვპირდა, რომ სინოდის წევრებთან გაარკვევდა, გააკეთებდნენ თუ არა განცხადებას კონკრეტულად პატრიარქის დაცვის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის ნეტგაზეთის ზარებს აღარც სამდივნოში პასუხობენ.

ილია მეორე და მისი უსაფრთხოების სამსახური. მარჯვნივ – დაცვის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ილია მეორე და მისი უსაფრთხოების სამსახური. მარჯვნივ – დაცვის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მან ასევე პასუხი გასცა ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებებს და განაცხადა, რომ საპატრიარქოში ის არავის უპირისპირდება.

“ვერავითარ შემთხვევაში ჩავერევი ამ დაპირისპირებაში. ღმერთმა აპატიოს ამ ადამიანს [ქორეპისკოპოს იაკობს]. ჩემი სურველია, დამშვიდდეს სიტუაცია და არანაირი ქაოსი არ იყოს ეკლესიაში. გიდასტურებთ, რომ იყო ინციდენტი დაცვის თანამშრომლებთან. მე არ ვესწრებოდი ამ ინციდენტს, არ ვიყავი. იქ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მისამართით. როგორც მომახსენეს, ქორეპისკოპოს იაკობის თანაშემწემ დაცვის ბიჭებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რასაც ამბობენ, საპატრიარქოში “გაილახაო”, ასეთი რამ არ მომხდარა,” – განმარტავს იოსებ ოხანაშვილი.

პატრიარქის დაცვის უფროსი “რუსთავი 2″–თან საუბრისას აცხადებს, მისი ერთადერთი ამოცანა არის პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

“ამას პირნათლად ვასრულებ ჩემს გუნდთან ერთად. ვერ ვხვდები, რატომ და როგორ გამოიწვია ეს [დაპირისპირება]. დეტალები არ ვიცი. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი; ვიცნობ ყველაფერს, იქ [გაზეთ “პრაიმტაიმის” სტატიაში] რაზეც არის საუბარი. უბრალოდ, არანაირი შეხება არ მაქვს. რა ბრალდებებიც აქვს მეუფე იაკობს ჩემ მიმართ, ამ ყველაფერს მე უარვყოფ იმიტომ, რომ არანაირი შეხება არ მქონია. არ არის ეს ჩემი საქმე.”

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 4 დეკემბერს ქადაგებაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოში კონკრეტული ჯგუფი პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს. მისი თქმით, ეს ჯგუფი პატრიარქის დაცვის სამსახურშია. იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქთან შეთახმებით მან უკვე დაიწყო გამორკვევა, თუ ვინ არის ჩართული ამ ჯგუფში და კონკრეტული ადამიანები სამსახურს დაკარგავენ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ერთი ადამიანი უკვე სცემეს.

ქადეგების დროს ეპისკოპოსმა იაკობმა არ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, თუ ვისგან გავიდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ “სიძეობა” არ არის იმუნიტეტი. თუმცა ცნობილია, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი ამავე დროს არის ილია მეორის სიძე. ეპისკოპოსის თქმითვე, საქართველო პატარაა და ადვილად იგებს, “ვინ, ვის, რას უკეთებს”.

ეპისკოპოსმა ეს განცხადებები გაზეთ  “პრაიმ-ტაიმში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს $1.5 მილიონად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს. საპატრიარქოში მიმდინარეობს ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა, რამაც ეკლესიის ქონების მისაკუთრების ფაქტები გამოავლინა. სტატიაში წერია, რომ მათ ინფორმაცია ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. საპატრიარქომ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც სტატიას “სიცრუე” და “ცილისწამება” უწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, მათ არ შეუქმნიათ არანაირი ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოში მაღალ იერარქიაზე მყოფთა ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი