ახალი ამბებისამართალი

ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

20 დეკემბერი, 2016 • 2727
ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ადვოკატი ასევე მოუწოდებს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, გააკეთოს განცხადება გიორგი მღებრიშვილის წარდგენის გამო.

როგორც ხატიაშვილი აცხადებს, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა გაუგონარი და ამაზრზენი ფაქტის მომსწრე. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ კიდევ ერთხელ განხორციელდა მშვიდობიან მოქალაქეზე ძალადობა და, სავარაუდოდ, მთვრალი პოლიციელები თავს დასხნენ ჟურნალისტ გიორგი გასვიანს.

“სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, არ გააჩნია პლიტიკური ნება, არ აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, რათა პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება და მოძალადე დასჯილი იქნას კანონის მთელი სიმკაცრით. განასკუთრებით აღმაშფოთებელია თავისუფალი პროფესიის მქონე პირებზე თავდასხმები. გასულ წელს ადვოკატი გიორგი მდინარაძე იქნა ნაცემი მოძალადეების მიერ. ცნობილია ყველა მოძალადის ვინაობა, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობამ წაახალისა მოძალადეები, რომლებიც გაუსწორდნენ ჟურნალისტ გიორგი გასვიანს,” – აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო ქვეყანაში ერთხელ მაინც ჩაატაროს ეფექტური გამოძიება. ხატიაშვილს არ სჯერა, რომ შსს დასჯის საკუთარ თანამშრომლებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა  დააწინაურონ კიდეც:

“რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ზარ-ზეიმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა დღე, სადაც ვწერდი ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობაზე და ფაქტებით ვასაბუთებდი ამას. ასევე, ახალი მთავრობის დამტკიცების დროს მღებრიშვილის და წულუკიანის მინისტრებად დანიშვნას ბოიკოტი გამოვუცხადე. ვიცოდი, ქვეყანაში გაიზრდებოდა პოლიციელთა უკანონო თარეში და განუკითხაობა. ასეც მოხდა! არ გამიკვირდება, თუ მოძალადე პოლიციელს დააწინაურებენ, ან მადლობას გამოუცხადებენ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ეგუება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ წამებაში ბრალდებული პოლიციელების სამსახურებრივ დაწინაურებას, რაც არ მომხდარა არც ერთ ქვეყანაში. რევაზ ქობულია დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება დვალიშვილის წამების თაობაზე წყალტუბოს პოლიციაში. სანამ პოლიციელმა იცის, რომ მან შეიძლება აწამოს მოქალაქე და ეს შერჩება, ქვეყანაში წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა გაგრძელდება.”

როგორც ადვოკატი აცხადებს, სანამ სამოქალაქო საზოგადოება არ გაერთიანდება და არ იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი ერის, საკუთარი ოჯახის წინაშე, შოკის მომგვრელი ძალადობის ფაქტები კიდევ ბევრი გვექნება.

“მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნას მოშორებული საქართველოს მთავრობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი, პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერ- მინისტრმა მღებრიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენის გამო, პროკურატურამ გამოიძიოს ვანდალური თავდასხმა ჟურნალისტზე და უმკაცრესად დაისაჯოს მოძალადე პოლიციელები. მთავარმა პროკურორმა აიღოს პასუხისმგებლობა გამოძიების ეფექტიანი ჩატარების გამო,” – ამბობს ადვოკატი.

ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ 18 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა და კიდევ ორმა მოქალაქემ ბორჯომში სცემეს. მისი თქმით, ბორჯომში, მოყინული გზისა და ავტომობილის გაუმართაობის გამო, მანქანა მოუსრიალდა, რა დროსაც იმავე ქუჩაზე იმყოფებოდნენ ის პირები, რომლებსაც ცემაში, მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელი და მისი მეგობრები უყვიროდნენ, რომ ავარიით მათი მოკვლა უნდოდა და არ მისცეს ახსნა-განმარტების საშუალება, რატომ მოსრიალდა ავტომობილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ დადასტურდა “იბერიის” ჟურნალისტის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას ბორჯომში პოლიციელმა სცემა, სამართალდამცველი უმკაცრესად დაისჯება:

“რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო? შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით და პირობა მოგცეთ: რასაც ეს ადამიანი [გიორგი გასვიანი, ჟურნალისტი] ამბობს, თუ დადასტურდა, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა.”

საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი