ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დამარცხდა თუ არა აფხაზური ოპოზიცია

20 დეკემბერი, 2016 • 2958
დამარცხდა თუ არა აფხაზური ოპოზიცია

ბოლო ხანს აფხაზეთში განვითარებული  მოვლენები იმდენად წინააღმდეგობრივი იყო, რომ ჯერ კიდევ რთულია გათვალო, რით შეიძლება დასრულდეს სახალხო შეკრება, რომელიც ოპოზიციამ წინა ხუთშაბათს, 15 დეკემბერს ჩაატარა. პირველმა შეტყობინებამ 16 დეკემბრის ღამით ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერთა რიგებში გაღიზიანება და მწუხარება გამოიწვია. თუმცა აფხაზი ლიდერის მიერ დემონსტრირებული ზედმეტი დათმობის გამოყენება ოპოზიციის ლიდერებმა მაინც ვერ შეძლეს.

ახლა კი ყველაფერი თანმიმდევრობით: ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრისთვის სოხუმში, დრამის თეატრის წინ, ოპოზიციური ძალების ბლოკმა რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება შეძლო [სხვადასხვა თვითმხილველთა შეფასებით, დაახლოებით 700 კაცის]. მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისეთი სახარბიელო შედეგია ორგანიზატორებისთვის, რომლებმაც აქციას, არც მეტი არც ნაკლები, სახალხო შეკრება დაარქვეს.

თუმცა ხელისუფლებას ოპოზიციის შესაძლებლობების შეფასება არ დაუწყია და დრამის თეატრიდან ორასიოდე მეტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, არანაკლები რაოდენობის მხარდამჭერი შეკრიბა. რაულ ხაჯიმბას მღელვარებისთვის საკმაო საფუძველი ჰქონდა, რაც ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს, აფხაზ დეპუტატებს მიზანმიმართულად გაანდო. პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ოპოზიციის წარმომადგენელთა რამდენიმე სატელეფონო აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ისმის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შეკრებაზე პრეზიდენტის განადგურების შესახებ საუბრობენ.

მაგალითად, პოლიტიკური პარტია “ამცახარას” თანათავმჯდომარე რამაზ ჯოპუა, ჩანაწერის მიხედვით, ამბობს: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის! ეს… პრეზიდენტი, მას რაღაც ვარიანტი შესთავაზეს, მან კი უარი თქვა. დებილია, 15-ში აფხაზეთიდან კინწისკვრით წავა, აბიკ [თანამოსაუბრე აბიკ მიქვაბია]. ხელები გახსნილი გვაქვს, ეს იდიოტი იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, 15 რიცხვს მიიღებს. აბიკ, ყველაფერი დავწვათ, გავანადგუროთ, ხალხი უკვე მზადაა. თამიში [Тамшьа] მზადაა, გუდაუთა, ყველაფერს გადაწვავენ. ჩვენ კი გვინდოდა, … უკან დაგვეხია, რომ სისხლი არ დაღვრილიყო, მაგრამ ამ ადამიანს ეს უნდა. მას, ალბათ, ქართველებმა მისცეს დავალება. მაგრამ ეს ადამიანი მესამე სართულიდან არ ჩამოვა, აბიკ, არ ჩამოვა და იქ დაიწვება,… ჩამოვიტანთ, ცხედარს ჩამოვიტანთ, რა პრობლემაა”.

აღნიშნული ჩანაწერის შემდეგ ორი სხვა საუბარიც წარმოადგინეს, რომელშიც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მზადების შესახებაა საუბარი.

ოპოზიციას ჩანაწერების ავთენტურობის უარყოფა არ დაუწყია. რამაზ ჯოპუამ 15 დეკემბრის შეკრების გახსნის დროს [დიახ, ის დაკავებული არ არის] ბოდიში მოუხადა შეკრებილებს “მთვრალი საუბრების” გამო და  აფხაზეთში საყოველთაო თვალთვალის შესახებ გააგრძელა ლაპარაკი.

ორიგინალურობით არც სხვა მონაწილეთა გამოსვლები გამოირჩეოდა: პრეზიდენტი გარე ძალების მარიონეტია – უნდა გადადგეს და წერტილი. ჩვენ გავაგრძელებთ შეკრებას, სანამ იგი ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

აღნიშნული გამოსვლის პარალელურად მოლაპარაკებები იმართებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მოლაპარაკების შედეგად ოპოზიცია დათანხმდა პრეზიდენტის შეთავაზებას, ოპოზიციის ლიდერებმა თანამდებობები დაიკავონ – ვიცეპრემიერის პოსტი, გენერალური პროკურორის პოსტი და კიდევ ორი პოსტი საკონსტიტუტიო სასამართლოში.

მეც, ისევე როგორ ზოგიერთმა სხვა დამკვირვებელმა, თავიდან ეს ინფორმაცია ხაჯიმბას დამარცხებად და ოპოზიციის გამარჯვებად შევაფასე. მსგავსი დათმობისთვის მიზეზები თითქოს არ ჩანდა და ხაჯიმბას დათმობა იმას ნიშნავდა, რომ შესაძლოა მასზე გარკვეული ირიბი არხებით ზეწოლაც კი მოხდა. ბოლოს და ბოლოს, ძალიან ხშირად, აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადამიანების რაოდენობაზე მეტად მათი საბრძოლო უნარები და სასოწარკვეთაა მნიშვნელოვანი.

თუმცა შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დათმობას მოულოდნელი ნაყოფის მოტანაც შეუძლია. ოპოზიცის ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებს ხელისუფლებასთან შეთანხმების შესახებ შეტყობინებით დაუბრუნდნენ. პასუხად კი მიიღეს ის, რომ მათ მხოლოდ სავარძლები აღელვებთ და ხელისუფლებას მიეყიდნენ. ასეთი ჭორიც გავრცელდა, რომ თურმე საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც მივიდა.

ოპოზიციის განცხადების შემდეგ განრისხებული საზოგადოება პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაიძრა, სადაც არანაკლები რაოდენობის ხელისუფლების მხარდამჭერი იყო შეკრებლი, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ მანამდე არ დაშლილიყვნენ, სანამ ოპოზიციონერები არ დაიშლებოდნენ.

დაპირისპირება პრაქტიკულად არ ყოფილა. უფრო მეტიც, ბევრი მონაწილე, ძირითადად ქართული-აფხაზური კონფლიქტის ვეტერანები, პოლიტიკოსებს ლანძღავდნენ და ამბობდნენ, რომ გასაყოფი არაფერია და კონფლიქტი საჭირო არ არის, რის შემდეგაც მშვიდობიანად დაიშალნენ.

მეორე დღეს, სანამ ღამის მოვლენების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამდე მიაღწევდა [ცნობილი იყო მხოლოდ მიღწეული შეთანხების შესახებ], მედიამ კრიზისის დარეგულირების შესახებ დაწერა.

თუმცა პარასკევს საღამოს აღმოჩნდა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ოპოზიცონერებს ხელმოწერები არ დაუტოვებიათ. მეტიც, მათ მთელი დღე ელოდებოდნენ პარლამენტში მოლაპარაკებათა შესაძლო გაგრძელებისთვის, თუმცა ისინი იქ არ გამოჩენილან.

აფხაზეთში პოლიტიკური წინააღმდეგობის შედეგების შესაფასება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამჟამად ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ძალადობრივი წინააღმდეგობისთვის პოტენციალი ამოწურულია. ოპოზიციაში უნდა მიხვედრილიყვნენ, რომ რეალურად, აფხაზურ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობები ხაჯიმბას გადასაყენებლად აშაკრად არასაკმარისია. გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები, როგორც ჩანს, თავიანი ყველაზე აქტიური მხარდამჭერებისგანაც კი არ სარგებლობენ ცალსახა მხარდაჭერით. რაულ ხაჯიმბამ ამის უზადოდ დემონსტრირება შეძლო.

თუმცა აფხაზი პრეზიდენტისთვის უკეთესი იქნება, ხიბლში არ ჩავარდეს – არეულობა ოპოზციაში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხაჯიმბა ამით უფრო გაძლიერდება. ხელისუფლების უუნარობით- გადაჭრას ეკონომიკური კრიზისი [ეს, რა თქმა უნდა, რუსეთში არსებულ კრიზისსაც უკავშირდება], აღმოფხვრას კორუფცია, გახშირებული დანაშაული, პრობლემები გზებზე და სხვა- უკმაყოფილება საზოგადოებაში ძალიან დიდია.

ოპოზიციური ძალების ამჟამინდელ ბლოკს კი არ შუძლია ამ საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდირება, მაგრამ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც შანსს ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ.

საუბარია ძველ პარტიაზე “ერთიანი აფხაზეთი”, რომელსაც სერგეი შამბა ლიდერობს, და ახალი პარტია “აინარი”. თავიანთი ძალების მოსინჯვას ისინი ძალიან მალე შეეცდებიან. ოპოზიციის შეკრების დროს რაულ ხაჯიმბამ 2017 წლის 12 მარტისთვის საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი