ახალი ამბები

სააკაშვილი: იმ ხალხმა, ვინც გამიჯვნაზე პირველმა დაიწყო ლაპარაკი, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

20 დეკემბერი, 2016 • 1971
სააკაშვილი: იმ ხალხმა, ვინც  გამიჯვნაზე პირველმა დაიწყო ლაპარაკი, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

“იმ ხალხმა, ვინც  გამიჯვნაზე პირველმა დაიწყო ლაპარაკი, თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მათ გარშემო ადამიანებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა”, – ეს განცხადება საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ის ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში გამართულ შეხვედრაზე ვიდეოჩართვისას გააკეთა.

სააკაშვილის ვიდეოჩართვის ამსახველ მასალას აფხაზეთის ხმა ავრცელებს.

“რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ისინი არ მემიჯნებიან მე, ეს არის სიცრუე. მთელმა მსოფლიომ, ჩვენმა მტრებმა რუსეთში, ჩემმა მტრებმა უკრაინაში ეს გაყიდეს და გაასაღეს ასე – სააკაშვილი სკაუთარმა პარტიამ მოიშორა. უამრავმა რუსულმა და უკრაინულმა არხმა გააშუქა ისე, რომ საკუთარი პარტიაც კი აგდებს სააკაშვილსო. მე აქ დიდი ბრძოლა დავიწყე. ამ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გვებრძვის, ზოიგიერთი ჩვენი თანამებრძოლის და, მინდა ვთქვა, ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან მე თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს… იმის დაფიქსირება, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილის გარშემო არსეობს რაღაც, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს პირდაპირი დარტყმაა ჩემზე აქ და ნაციონალურ მოძრაობაზე ასევე. თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდებით. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამას,  ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის  ყველაზე ცუდი ხალხის თამაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ჩვენ არ უნდა გადავიდეთ შეურაცხყოფებსა და ერთმანეთთან ჩხუბზე. ჩვენი ამოცანა ძალიან კონკრეტულია. ჩვენ არ უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი. კი, მე ვიცი, რომ ვიღაცები შეურაცხყოფებს აყენებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნურად უნდა მოხდეს გამიჯვნა და ერთმანეთთან დაპირისპირება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, რომელზეც პარტიის უმეტესობა შეთანხმდება. აქ უნდა შევიდეს ბევრი ახალი ხალხი. იმ ხალხმა, ვინც პირველმა დაიწყო გამიჯვნაზე ლაპარაკი, იმათ თავიანთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მაგრამ მათ გარშემო ხალხმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა”, – თქვა სააკაშვილმა.

ენმ-ში დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდანვე მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა.

საჯარო სივრცეში მიმდინარე დაპირისპირებიდან ჩანს, რომ ერთ პოზიციაზე არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაციისა თუ მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. დაპირისპირების მეორე მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად: ლევან ვარშალომიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვა ლიდერები. ჯერჯერობით არ გამოკვეთილა პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მკაფიო პოზიცია.

საკითხებზე, რომლებზეც ენმ-ში ვერ თანხმდებიან, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი