ახალი ამბები

სუს-მა ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

20 დეკემბერი, 2016 • 1387
სუს-მა ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების ბრალდებით  ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ბრალდებით ს.კ და ს.კ დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ  მათ  დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი. აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს 2000 აშშ  დოლარი. 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვეს, ხოლო დარჩენილი 1500 აშშ დოლარი გამოართვეს ყალბი დიპლომის გადაცემის დროს, რა დროსაც ისინი  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს,” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი