დღეს ბათუმის 79-ე ოლქის 105-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზეა განთავსებული, ცესკოს მიერ აკრედიტირებული ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამ უბნის თავმჯდომარე დავით აბაშიძე ამბობს, რომ მას ამის უფლება არ აქვს: „ზემდგომმა მითხრა, რომ არ შეგიშვათ, ცესკოში გაარკვიეთ“.
ერთი საათის შემდეგ უბნის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ის თანახმაა შეუშვას ჟურნალისტები უბანზე იმ შემთხვევაში, თუ მათ სამხედროები გაატარებენ. უბნის თავმჯდომარის თქმით, უბანზე მოსახვედრად ერთადერთი გზა არსებობს – ამის უფლება უნდა მოგვცეს შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურმა.
იგივეს იმეორებს ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე კახაბერ ჯაიანი. მისი განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არ არის წინააღმდეგი, ამ უბნებზე ჟურნალისტები შეუშვას, თუმცა არსებობს შს მინისტრის ბრძანება, რომელიც ამას ზღუდავს: „არსებობს ბრძანება, რომელიც ამ ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთას იმყოფებიან ეს მოსამსახურეები (იგულისხმება პოლიცია), არ შეიძლება უცხო პირების შესვლა, არ შეიძლება ვიდეოჩამწერების შეტანა და ჩვენ ვერ მივცემთ შესვლის ნებართვას. ამის ნებართვა უნდა მოგცეთ შს სამინსიტროს პრესსამსახურმა“.
საარჩევნო უბანზე მოხვედრის უფლების მოსაპოვებლად „ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურსაც. სალომე მახარაძე ტელეფონს არ პასუხობს.
ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსთან, ქეთევან ჯანელიძესთან დახმარების თხოვნის მიმართვის შემდეგ კი, მან განმარტა, რომ სპეცუბნებს აქვთ თავიანთი წესდება და უბნები ამ წესდების მიხედვით წყვეტენ, შეუშვან თუ არა ჟურნალისტები უბნებზე სამუშაოდ.
105-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ადასტურებს წესდების არსებობას, მაგრამ ამბობს, რომ ამ წასედბის მიხედვით ჟურნალისტების უბანზე შესვლა საარჩენო პერიოდში შესაძლებელია.
ცესკოს მიერ ჟურნალისტებისთვის გაცემული აკრედიტაციის თანახმად, მასმედიის წარმომადგენელს აქვს უფლება, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში შევიდეს.
ბათუმის 79-ე ოლქში სულ ოთხი სპეცუბანია. აქედან 105-ე უბანზე 1216 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, 106-ე – 615 ამომრჩეველი, 107-ე უბანზე 609 ამომრჩეველი (აქ ხმას მისცემენ სასაზღვრო და სახმელეთო დაცვა, სანაპირო დაცვა და სამთავრობო დაცვა), ხოლო 108-ე, ბათუმის მე-3 საპყრობილეს უბანზე – 356 ამომრჩეველი.








