ლევან დავითაშვილი: მიწის უცხოელებზე მიყიდვაზე მორატორიუმი შემაფერხებელი არ იყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა ” TV პირველის” ეთერში 19 დეკემბერს ისაუბრა.

დავითაშვილის თქმით, დღესდღეობით საქართველოში უცხოელებზე მიწის ყიდვა – გაყიდვა დაშვებულია და მინისტრი ვერ იხსენებს ფაქტს, როდესაც რეალურად დაინტერესებულმა ინვესტორმა, რომელსაც შესაბამისი პროგრამა ან გეგმა ჰქონდა, მიწის შეძენა, გადაფორმება ან დარეგისტრირება ვერ შეძლო:

“მე ვფიქრობ, რომ არიიან ასეთი უცხოელი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ინვესტიციებს, თუმცა ეს შეზღუდული მასშტაბით არის, დიდ ციფრებზე საუბარი ვერ გვექნება” – თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა “ბიზნესკონტრაქტის” ეთერში.

გასულ კვირას ამ თემზე ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესაუბრა. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ “ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენას უკრძალავდა, “აღმოვჩნდით  რეალობაში, როგორი რეალობაც არის დღეს”.

“ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი, ამას  4 წელია ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს  მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი“ – თქვა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ამ რეალობის შესაცვლელად იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს კანონპროექტი გაუგზავნა, რომელიც ამ კუთხით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მცირე რესურსი სასოფლო-სამეურნეო მიწის სახით, ამას მე 4 წელია ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება – ის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი” – თქვა წულუკიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.