ახალი ამბები

შსს–მ კახი კალაძისა და გუბაზ სანიკიძის საწინააღმდეგო კომპრომატები გამოაქვეყნა

26 სექტემბერი, 2012 •
შსს–მ კახი კალაძისა და გუბაზ სანიკიძის საწინააღმდეგო კომპრომატები  გამოაქვეყნა

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ შსს–ს განცხადებას:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან. გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაკავებულ იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დავით ხიზანიშვილი. კანონიერი ქურდი მოქმედებდა ქართველი კანონიერი ქურდის ვასილ შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით, დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის  გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ. შემდეგი ჩანაწერი ეხება „ქართული ოცნების” სიის პირველ ნომერს კახა კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენთ შსს–ს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი. მესამე  ფაქტი, რომლის შესახებაც გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, წარმოადგენს კოალიცია „ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის გარიგების დეტალებს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას სთხოვს რუსეთში,  ციხიდან ერთ–ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ მას სთავაზობს ანაზღაურებას”. 

 

შსს–მ ვებ–გვერდზე უკვე გამოაქვეყა ფარული აუდიოჩანაწერები. 

 

შსს–ს ცნობით, აუდიოჩანაწერში კახი კალაძე ესაუბრება უცნობ პირს და ამბობს: „იმ დღეს მე რომ ჩავედი იმათთან, დავიძინე ცოტა და მერე ქვემოთ რაა და სულ რა ქურდი სიმონ, ჩამეხუტნენ, გადამეხვივნენ, გადამკოცნეს და აბა თქვენ იცითო!” ამის შემდეგ კახა კალაძე კონკრეტული ადამიანების გვარებს ასახელებს.

 

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, შსს–ს ცნობით, ის ესაუბრება ვალერი ხაბურძანიას, სადაც თხოვს რუსეთში პატიმრობაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ვალერი მარგიანის გათავისუფლებაში დახმარებას. მისი თქმით, მარგიანი ამერიკაში წასვლას აპირებს და “უკან არ გამოიხედავს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი